სექსუალურად ძალადობდა, ფიზიკურად უსწორდებოდა, სახლში კეტავდა და გარე სამყაროსთან კონტაქტს უკრძალავდა. საუბარია 77 წლის მოხუცზე და მის 29 წლის მოძალადე შვილიშვილზე. ტრაგიკული ისტორია კახეთში ერთი წელია გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მეზობლები. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე უკვე დაკავებულია, როგორც ჩანს ბებიას შვილიშვილის მაინც ეშინია.
77 წლის ქალს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ღიად საუბარი უჭირს. შემზარავი დანაშაული კახეთის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა, სადაც შვილიშვილი მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბებიას სახლში კეტავდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. სავარაუდო მოძალადე დაკავებულია.
კამერებთან შვილის გამართლებას და მოხუცი დედის გაჩუმებას ცდილობს ბრალდებულის მამა. დაზარალებული ქალი მედიას მისი თანდასწრებით ესაუბრა და შვილიშვილის მხრიდან გარყვნილი ქმედება არ დაადასტურა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ დაზარალებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის და ფაქტებს ამიტომ მალავს. "კურიერის" ინფორმაციით, ერთწლიანი ინტენსიური ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მსხვერპლმა გამომძიებლებს დეტალურად უკვე უამბო. ირკვევა, რომ ბოლო ძალადობის შემდეგ მოხუცმა სახლიდან გაპარვა შეძლო და მომხდარის შესახებ მეზობელს უთხრა. ქალი, რომელსაც მსხვერპლმა საშველად მიმართა, ახლა გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. სწორედ ის დაეხმარა მოხუცს პოლიციის გამოძახებაში.
ის, რომ 29 წლის მამაკაცი ხანდაზმულ ბებიას ფიზიკურადაც უსწორდებოდა, სოფელში ყველამ იცის. ადგილობრივები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად, თელავის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. 29 წლის მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს.
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ფაქტზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. ბრალდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც ძალადობის კვალი უნდა დაადგინოს. პარალელურად დანიშნულია სავარაუდო მოძალადის ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 29 წლის მამაკაცს, მძიმე ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.