როგორც "ცივი ომის" წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლავროვის განცხადებით, არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის უფლება, ისაუბროს მთელი კაცობრიობის სახელით.
სხდომაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ გლობალურ ძალებს შორის კონფლიქტის რისკი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ლავროვის გვერდით მჯდომმა გუტიერეშმა გააკრიტიკა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, რომელმაც, მისი თქმით, უკრაინაში მასობრივი ტანჯვა და განადგურება მოიტანა.
მოსკოვი კრიტიკის სამიზნე იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრების, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა, რადგან რუსეთმა აპრილში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა, როტაციის პრინციპით, ერთი თვით გადაიბარა.