26 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
300-მდე ბავშვი, 30 მილიონი ლარი და სრული დაფინანსება უცხოეთის კლინიკებში - მთავრობის ახალი ინიციატივა

300-მდე ბავშვი, 30 მილიონი ლარი და სრული დაფინანსება ქვეყნის გარეთ არსებულ საუკეთესო კლინიკებში - მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის არასრულწლოვანი, რომელიც ონკოპაციენტია, მძიმე დაავადების დასამარცხებლად საზღვარგარეთ გაიგზავნება. სახელმწიფო დააფინანსებს როგორც მკურნალობის, ასევე რეაბილიტაციის პროცესს.

ჯანდაცვის უწყებაში მიმართვის შემდეგ მშობელს აღარც კლინიკის მოძებნა მოუწევს და არც მკურნალი ექიმის - ყველა სერვისს საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს. გამოყოფილ თანხაში გათვალისწინებულია მკურნალობის პერიოდში გზისა და სასტუმროს ხარჯებიც.

მთავრობის გადაწყვეტილება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ქვეყნის გარეთ უმკურნალოს, ერთი მთავარი მიზეზითაა განპირობებული - საქართველოში არასრულწლოვანები საჭირო მკურნალობასა და სერვისებს ვერ იღებდნენ. საუბარია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე, ასევე, ზოგიერთი ტიპის რადიაციულ და სხივურ თერაპიაზე.

პრემიერ-მინისტრმა დღეს დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ანალიზებს, მკურნალობის პროცესს და ყველა სახის მომსახურებას სახელმწიფო სრულად დაფარავს. მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე ბავშვთა სოციალური და დაფინანსების კუთხით 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა.

დღის ამბები