26 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
აქონდროპლაზიის სინდრომი და მშობლების აქცია - რას პასუხობენ მშობლები ირაკლი ღარიბაშვილს და რას სთავაზობს მათ ჯანდაცვის უწყება წამლის შემოტანამდე

"ამორალური საქციელი და უზნეობა" - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, დაავადებული ბავშვების პრობლემებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ. დღეს პრემიერ-მინისტრმა მათ წარსულიც შეახსენა და თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები არავის გახსენებია.

პრემიერის განცხადებებს დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, მშობლების აქციიდან უპასუხეს. ისინი ამბობენ, რომ აქციებზე ბავშვების მხარდასაჭერად მიდიან და არა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

არსებულ ვითარებაში, მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს ოპონენტებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თანხები თემა არ არის, აქ მთავარი საკითხი ბავშვების ჯანმრთელობაა და სანამ წამლის მოხმარების წესს, ანუ ე.წ. გაიდლაინს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და შესაბამისი უწყებები არ დაადასტურებენ, მანამდე მისი გამოყენება შესაძლოა ბავშვებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა მანამდე განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე დასწრებას სთხოვენ, ის პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც ხელისუფლება ამბობს, ყველა მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობს და შედეგებს ელოდება. 2-3 კვირაში, სავარაუდოდ, უკვე გამოიკვეთება რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ქვეყნები პრეპარატის ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები