26 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
გასულ წელს, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებული იქნა "ასოცირებული ტრიოდან", მსგავსი განცალკევება აძლიერებს არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრაღაში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან.

მისივე თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და მოკავშირედ უსაფრთხოების და ეკონომიკურ საკითხებში. პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

"გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებული იქნა ასოცირებული ტრიოდან.

ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ მიმღებია ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების, არამედ მას თავადაც დიდი წვლილი შეაქვს ევროპის მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მისიებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფით,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა ევროპისთვის საქართველოს ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტის მნიშვნელოვან როლზე.

"დღესდღეობით საქართველო ვაჭრობის ე.წ. "შუა კორიდორის" კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც შესაძლოა, გახდეს ევროპული ოჯახებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და უფრო ძლიერი და მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

დღის ამბები