სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პედიატრ ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს პრეპარატ "ვოსორიტიდს", რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად უნდა მოემზადოს.
როგორც ივანე ჩხაიძემ "კურიერი P.S-ში" განმარტავს, პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია პაციენტმა დაიცვას სხვადასხვა რეკომენდაციები, რომელსაც ექიმი გასცემს.
მისივე თქმით, აღნიშნული პრეპარატის მიღება არ ხდება ისე, როგორც სხვა მედიკამენტის შემთხვევაში.
"თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს აღიარებს, ქვეყანა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ეს პრეპარატი დაინერგოს. სწორედ დანერგვა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფაქტი. ვინაიდან, ეს პრეპარატი არ არის ჩვეულებრივი ტაბლეტი, ეს არის კანქვეშ გასაკეთებელი, ყოველდღიური დოზა. ყოველდღიურად უნდა გაიკეთოს ადამიანმა კანქვეშ და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მისი გართულება გამოყენების შემთხვევაში წნევის დავარდნაა. ამიტომ, პრეპარატის მიღების წინ, აუცილებლად 200-300 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა.
ასე რომ, არ არის მარტივი პრეპარატი და არ შეიძლება აფთიაქში წავიდეს ადამიანი და იყიდოს. ამას სჭირდება უზრუნველყოფა და ამ უზრუნველყოფის უკან დგას სწორედ ეროვნული პროტოკოლი, რომელიც არ არსებობდა და რომელზეც მუშაობა უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს. პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით.
ამ პროტოკოლზე მუშაობს ყველა ის გამოჩენილი ექიმი, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების მართვა, ეს არის პედიატრი, გენეტიკურ დაავადებათა სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი და ა.შ. ასევე ამ პროტოკოლის სამუშაო ჯგუფში შედიან პაციენტთა მშობლები. პროცესი არის გამჭვირვალე და ინტენსიური. ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი, მაქსიმუმ 1-2 კვირის ვადაში, სავარაუდოდ, გვექნება უკვე ეროვნული პროტოკოლი, თუ ამ პრეპარატის შეძენაზე იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მე-5 დღეა გრძელდება.
მოთხოვნა - დაავადების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტის შემოტანა და ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.