26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა სიმაღლეში ზრდაა და არა გართულებების პრევენცია, მას არ შეუძლია ბავშვი დაიცვას ხერხემლის დეფორმაციისაგან, გართულებების განვითარებისაგან" - ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე

სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პედიატრ ივანე ჩხაიძის განცხადებით, პრეპარატ "ვოსორიდიტის" კვლევის ძირითადი ამოცანა ამ ეტაპზე სიმაღლეში ზრდაა და არა გართულებების პრევენცია.

როგორც ივანე ჩხაიძემ "კურიერი P.S"-ის ეთერში განმარტა, დღეს არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც გადაჭრით აქვს მიღებული გადაწყვეტილება ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, აშშ-ში, სადაც პრეპარატი იწარმოება.

"საქმეც მაგაშია, რომ ამ პრეპარატის კვლევის ძირითადი საგანი, სწორედ ზრდის ხელშეწყობა გახლავთ და არა გართულებების პრევენცია. ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ბავშვი დაიცვას ხერხემლის დეფორმაციისაგან, სხვადასხვა გართულებების განვითარებისაგან, რაზეც იყო ზემოთ საუბარი.

ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა, სწორედ სიმაღლეში ზრდა გახლავთ და არა გართულებების პრევენცია, ამიტომ ძალიან ბევრი ასოციაციაა, მათ შორის, ყველაზე ცნობილი მსოფლიოში, აშშ-ის "პატარა ადამიანთა ასოციაციაა", რომელიც სწორედ ასეთი პიროვნებებისაგან შედგება და ისინი აცხადებენ, რომ საერთოდ არასწორად მიაჩნიათ ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება და ფარმაკოლოგიური ინტერვენციის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ ინტერვენციაზე.

მათი ძირითადი მოსაზრებაა, დისკრიმინაციის და ამ ადამიანების გარიყულობის წინააღმდეგ საზოგადოების სხვა დამოკიდებულების შექმნა და არა პრეპარატის გამოყენება. ეს არ არის დაავადება, თვითონ ეს ადამიანები თვლიან, რომ ეს არის ის, რაც მათ ღმერთმა მისცა. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს.

დღეს, ფაქტია, რომ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც გადაჭრით აქვს მიღებული გადაწყვეტილება ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორი, აშშ-ში. აშშ-ში შექმნილი პრეპარატია და თუ პროტოკოლს გადახედავთ, იქ ნათლად არის მითითებული, რომ აშშ-ის პროტოკოლი, ძირითადად აქცენტს აკეთებს ოპერაციაზე, ზრდის ჰორმონზე, მაგრამ არა ამ პრეპარატზე", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები