26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ორ ბანაკად ორ ოფისში - დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ღრმავდება

გასულ კვირას "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგმა განხეთქილებამ იჩინა თავი, ნიკა მელიას გუნდი კახეთის გზატკეცილიდან ძველ თბილისში გადაბარგდა, ახალი ოფისის გახსნა კი ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მოქმედი ყოფილ თავმჯდომარეს გადაწყვეტილებას უწუნებს და ახსენებს, რომ პარტიას ოპონირება შეუძლია სხვა პოლიტიკური ძალიდან განაგრძოს, მანაც და მისმა თანამოაზრეებმაც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კარჩაკეტილობის პრობლემამ რომ ხიდჩატეხილობა გამოიწვია, ეს უკვე ნათლად დადასტურდა. ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან ერთად, კახეთის გზატკეცილიდან სარაჯიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა.

ღიად თქვეს, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში, პარტიაში სწორედ კარჩაკეტილობის პრობლემა დადგა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ახალი ოფისი გაეხსნათ – სამუშაო სივრცე, სადაც მათივე განმარტებით, ლევან ხაბეიშვილისგან იგნორირებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმუშავებენ.

მელიას გადაწყვეტილებამ ლევან ხაბეიშვილი გააბრაზა, დაპირისპირებული მხარე კი თავდასხმაში დაადანაშაულა. მეტიც, პირველად, ღიად და მკაფიოდ ხაბეიშვილმა ნიკა მელიას და მის მომხრეებს ურჩია ახალი პარტია შექმნან.

ლევან ხაბეიშვილმა ყოფილ კონკურენტს იგივე ბრალდებები წაუყენა, რომელშიც მას, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვითონ მელია ადანაშაულებდა – პარტიის შიგნით ახალი მოძრაობის შექმნის მცდელობა და სახელისუფლებო ნარატივი, ასეთია ხაბეიშვილის ბრალდებები ნიკა მელიას და მისი მომხრეების მიმართ. მოგვიანებით, პარტიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ნიკა მელიაც გამოეხმაურა.

მან ოფისის გახსნის საჭიროება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობით ახსნა, რომელიც ყოფილი თავმჯდომარის აზრით წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარდა.

ბრალდებების ომში მოვისმინეთ კითხვები ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებითაც, გაჩნდა კითხვაც ხომ არ გადაირჩევდნენ 3 თვის წინ არჩეულ ხაბეიშვილს თანამდებობიდან თუნდაც ინგლისურის არცოდნის გამო?! თუმცა სანამ ვისმენდით ბრალდებებს ინიციატივით გამოვიდა თავად ხაბეიშვილი.

პარტიის თავმჯდომარემ 73 ოლქში პოლიტსაბჭოსა და რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის არჩევნები დააანონსა, თან იმ ფონზე როცა, ხაბეიშვილი, რეგიონული ორგანიზაციის სათავეებიდან მელიას კადრების ჩამოშორებაში დაადანაშაულეს.

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები