საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას, უკვე კანონი უზრუნველყოფს. მცურავი საშუალებები ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოექცევა. შიდა წყლების ტრანსპორტს შემოწმების გარეშე მგზავრების გადაყვანა აეკრძალება.
შიდა წყლების ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება და უსაფრთხო მგზავრობა ყველაზე მომხიბვლელი ტურისტებისთვის არის, რადგან ნავებით დედაქალაქის დათვალიერება ხშირად სწორედ საქართველოში ჩამოსულ დამსვენებლებს სურთ.
შიდა წყლების ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.
სწორედ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის იქმნება საკანონმდებლო ბაზა. ეკონომიკის სამინისტროს ეს ინიციატივა შიდა წყლების ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად. პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იქნება, შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას ეკონომიკის სამინისტროს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებული კანონპროექტით, მცურავი საშუალებები კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც უსაფრთხოების გარანტი იქნება. საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებადია. სწორედ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.