26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
კურიერის ექსკლუზივი - ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მალხაზ პაქსაშვილის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს ასახავს

შეიარაღებული მალხაზ პაქსაშვილი სირიაში - კადრები, რომელიც "კურიერს" პანკისის ხეობიდან მიაწოდეს, პაქსაშვილის ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას ასახავს. ახლო აღმოსავლეთში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიაქვს იერიში მის დაჯგუფებას ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტზე.

მალხაზ პაქსაშვილი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურად ითვლება, დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ის პანკისთან ახლოს, სპეცოპერაციით აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ პაქსაშვილი სირიაში 2013 წელს გაემგზავრა. 2015 წლამდე ის ე.წ. "სამხედრო ემირების", ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა, სადაც "ნაიბის" პოზიცია ეკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პაქსაშვილს კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ სამხედრო ოპერაციებში.

მალხაზ პაქსაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სპეცრაზმის თანხლებით, კორტეჟით მიიყვანეს. იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი " საიდუმლო" ადევს, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. პროკურორის ინფორმაციით, მან სხდომაზე ბრალი უარყო. გამოძიებისთვის ხელის შეშლა, მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზემოქმედება - ამ საფრთხეების გათვალისწინებით, პაქსაშვილი პატიმრობაში დატოვეს.

ირკვევა, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, რომელიც პაქსაშვილის მონაწილეობით, ტერორისტულ თავდასხმებს და საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან შეტაკებებს ასახავს. ჰქონდა თუ არა მალხაზ პაქსაშვილს "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიან ფიგურებთან - ტოხოსაშვილებთან კავშირი - ოჯახს საუბარი არ სურს. "კურიერი" პანკისში, სოფელ წინუბანში ბრალდებულის მეგობრებსაც ესაუბრა. ახლობლები უარყოფენ, თუმცა "კურიერის" მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც პანკისიდან წყარომ მოგვაწოდა, შეიარაღებული მალხაზ პაქსაშვილი ცისკარა ტოხოსაშვილთან ერთად არის ასახული. ფოტო სირიაშია გადაღებული.

"ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი ფიგურა, ცისკარა ტოხოსაშვილი, იგივე ემირი ისა, გასული წლის დეკემბერში თბილისში, თვითმფრინავის ბორტზე, ტერორისტული დანაშაულების ბრალდებით აიყვანეს. იმავე ბრალდებით საქართველოში იხდის სასჯელს ცისკარა ტოხოსაშვილის ძმა, ცეზარ ტოხოსაშვილიც.

"კურიერის" ინფორმაციით, პაქსაშვილს და ტოხოსაშვილებს კავშირი ჰქონდათ ისლამურ სახელმწიფოს საველე მეთაურთან ახმეტ ჩატაევთან, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 2017 წელს გაანეიტრალეს. მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 12 ივნისს დაიწყებს. მალხაზ პაქსაშვილის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები