ზავი, რომელიც არ მუშაობს. ჰუმანიტარული კრიზისი, სროლა, აფეთქებები - სუდანში ცეცხლი არ წყდება. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გემით სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების პირველი ჯგუფი ჩაიყვანეს. ამ ინფორმაციით, რასაც "ალ ჯაზირაც" ადასტურებს, ჯგუფში საუდის არაბეთის 50 და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. ევაკუაციის მარშრუტი რთულია და ასე გამოიყურება - ხართუმიდან აღმოსავლეთით, 800-ზე მეტი კილომეტრი სახმელეთო გზა პორტ სუდანამდე, შემდეგ კი წითელი ზღვის გავლით საუდის არაბეთამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხართუმის აეროპორტიდან ფრენის რეკომენდაცია და უსაფრთხოების გარანტია არც მომდევნო საათებში არ იქნება, სუდანში ჩარჩენილებს ამ და სხვა ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტებზე მოუწევთ აქცენტის გაკეთება.
გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაშიც. მიზეზი შეტაკებებია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის სამდღიანი შეთანხმების მიუხედავად არ წყდება.
ქართული ავიაკომპანიების, "ჯეოსქაის" და "მაი ვეის" 33 თანამშრომელი დღეს დილიდან ელოდებოდა შეტყობინებას იმის შესახებ, რომ თავშესაფრების დატოვებას, აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას და ევაკუაციის იმედით მინიმუმ მათი საჰაერო ხომალდების მდგომარეობის გადამოწმებას მოახერხებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ის, რაც ამ ეტაპზე მოხერხდა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით საკვებით და წყლით მომარაგებაა.
ხართუმის ქუჩებში გასვლა რომ უსაფრთხო არ არის, ამის შესახებ დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც განაცხადეს. ამასთან შტატების უსაფრთხოების სამსახურები ამ ეტაპზე არამხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო მარშრუტებით ევაკუაციის რეკომენდაციასაც არ გასცემენ.
დღის ბოლოს, დაპირისპირებული მხარეებიდან განცხადება, არმიის გენერალმა აბდელ ფათაჰ ალ ბურჰანმა გააკეთა. ის კვლავ კატეგორიული იყო იმ ნაწილში, რომ პოზიციების დათმობას არ აპირებს, რადგან ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ამასთან, მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაზე პასუხისმგებელი მეორე მხარეა.
ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადებული აქვს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურს მოჰამედ ჰამდან დაგალოს, თუმცა შეთანხმება არც ერთისგან არ სრულდება და ერთი კვირის განმავლობაში, შედეგები მხოლოდ უარესდება. დღეს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა, თუმცა ბოლო ცნობებით კონფლიქტს უკვე 413 ადამიანი შეეწირა, 3500 დაშავდა, 20 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.