26 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი არიან კარგი კანდიდატები, რომლებიც ყველა თავის დარგისა და სამოქმედო არეალის მიხედვით, იქნებიან ეფექტურები - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს იწყებს. ბიუროს სხდომაზე, გაიწერება დღის წესრიგი თუ როდის და რა ფორმატით მოუსმენენ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს.

ცნობილია, რომ ნდობას მთავრობას მიმდინარე კვირაში გამოუცხადებენ. ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძის გუნდში ცვლილებები იქნება. საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინაცვლებენ მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კანდიდატებს შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია აქვთ.

“მაკა ბოჭორიშვილს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობის პირდაპირი გამოცდილება გააჩნია. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მას ძალიან დიდი მოცულობითი სამუშაო აქვს ჩატარებული ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მას გააჩნია ყველა პროფესიული და პიროვნული თვისებები, რომ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აწარმოოს ეფექტური პოლიტიკა. ნათლად ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას“ გააჩნია განახლების ძალიან დიდი რესურსი, მათ შორის, ახალი სახეების წარმოჩენისა, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო გუნდში. მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი არიან კარგი კანდიდატები, რომლებიც ყველა თავის დარგისა და სამოქმედო არეალის მიხედვით, იქნებიან ეფექტურები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის კაბინეტს უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

“პრემიერ-მინისტრს, მის პოლიტიკურ გუნდს ექნება სრული მხარდაჭერა “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან. რაც შეეხება ახალ კანდიდატებს, ზოგ მათგანს პარლამენტში მუშაობის ათობით წლის გამოცდილება აქვს, ზოგს კერძო სექტორში, ზოგს სახელმწიფო სამსახურში. სამივე მათგანს, რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი მხარდაჭერა. უახლოეს დღეებში გაიმართება კომიტეტებში მოსმენები, როგორც არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ქალბატონ მაკასაც, ბატო ანრისაც, დავითსაც და ასევე სხვა მინისტრობის კანდიდატსაც მინდა, წარმატებები ვუსურვო. შესაბამისი კომიტეტები აქტიურ რეჟიმში იმუშავებენ მინისტრობის მომავალ კანდიდატებთან“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები