26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
უნდა გავიაროთ ყველა ეტაპი, რათა მედიკამენტი ქვეყანაში უსაფრთხოდ დაინერგოს, მზად ვართ, ეს დიალოგი მშობლებთან გაგრძელდეს - თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობაზე

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნასთან დაკავშირებით,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ის მედიკამენტი, რომელსაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, კონკრეტულად კი ვოსორიტიდი ახლა იდგამს ფეხს და  არცერთ მოქმედ გაიდლაინში, ვოსორიტიდი, როგორც სტანდარტული მკურნალობის მეთოდი შეტანილი არ არის.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ მედიკამენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც იმედით უყურებს, თუმცა აუციელებელია ყველა იმ რისკის შესწავლა და გათვალისიწნება, რომელიც შესაძლოა მედიკამენტს გააჩნდეს.  "შანსი ჩვენს ბავშვებსაც ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სისწრაფე აქ არ გამოდგება"- აღნიშნა გაბუნიამ.

"დღეს, არცერთ მოქმედ გაიდლაინში ვოსორიტიდი, როგორც სტანდარტული მკურნალობის მეთოდი - შეტანილი არ არის. ​ვოსორიტიდი ახლა იდგამს ფეხს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაგვეხმარა იმაში, რომ მოგვეპოვებინა ის დადებითი მოსალოდნელი ეფექტი და მოსალოდნელი რისკები. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სინთეზი და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამუშაო ჯგუფი ქვეყანაში უკვე შეიქმნა. ​ვოსორიტიდთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმაზე მეტი მოლოდინი, ვიდრე ამ მედიკამენტს ეს შეუძლია. ეს მედიკამენტი კონკრეტულად ზრდის მასტიმულირებელია, სხვა დანარჩენ სიმპტომებზე სხვა ტიპის ჩარევაა საჭირო. 

აღსანიშნავია, რომ ამ მედიკამენტს იმედით ჩვენც ვუყურებთ და სწორედ ამიტომ გავიარეთ  კონსულტაცია ჯანმოსთან. პოტენციალის ზრდის კუთხით, ამ მედიკამენტმა საწყის ეტაპზე დაადასტურა, თუმცა ასევე მწარმოებელი საუბრობს გვერდით ეფექტებზე, იმაზე, რომ არ ვიცით რა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მე მესმის მშობლების მოტივაცია, გაჩნდა იმედი, გლობალურად დაიწყო ამაზე საუბარი და ეს შანსი ჩვენს ბავშვებსაც ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სისწრაფე აქ არ გამოდგება. უნდა გავიაროთ ყველა ეტაპი, რათა ეს მედიკამენტი ქვეყანაში უსაფრთხოდ დაინერგოს. მზად ვართ, რომ ეს დიალოგი მშობლებთან გაგრძელდეს და ყველა ერთად შევთანხმდეთ, თუ რა იქნება ბავშვებისთვის საუკეთესო არჩევანი,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები