26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ტოხოსაშვილებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია" - რას ამბობენ მალხაზ პაქსაშვილის ოჯახის წევრები

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურობაში ბრალდებული მალხაზ პაქსაშვილი პანკისის ხეობაში, მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ პაქსაშვილი 2013-დან 2015 წლამდე თურქეთში, სამუშაოდ იმყოფებოდა.

"ყველანაირად ცდილობდა, რაღაც კარგი გაეკეთებინა თავისი სოფლისთვის. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა მასთან კავშირში არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთში იყო და სირიასთან მას კავშირი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ტოხოსაშვილებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მტკიცებულება არ აქვს. ახმეტაში იყო დაბარებული, დაახლოებით, 2 საათის წინ - უნდა დაგკითხოთო და ა.შ,"- აცხადებს დაკავებულის მეგობარი ლევან დუიშვილი "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პაქსაშვილის დაკავების სპეცოპერაცია, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. "სამხედრო ემირების", ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები