საჰაერო თავდაცვა, შეიარაღება და დამხმარე კომპონენტები - გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერაზე მსჯელობდნენ. 29 მილიონს ომში მყოფ ქვეყანას კანადა გამოუყოფს. თანხა საწვავს და სნაიპერული შაშხანების შეძენას მოხმარდება. კიევის მხარდაჭერას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები.
უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი არ არის ფინეთი, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მდივანი ამბობს, რომ ევროპა არ უნდა აღმოჩნდეს მარაგების დეფიციტის წინაშე.
გამოწვევები უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზეც არსებობს, რაზეც დღეს ყურადღება ალიანსის გენმდივანმა გაამახვილა. თუმცა, სტოლტენბერგი ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
მანამდე უსაფრთხოების ყოველდღიური პრობლემები აქვს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. გვიან ღამით, ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელმა სამხედროებმა 8 ჩამოაგდეს, მათ შორის, კიევის თავზეც; პოლტავის ოლქში და ოდესაში კი ორი დრონის აფეთქების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა - დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
1 დაიღუპა - 2 სამოქალაქო პირი დაიჭრა ჩერნიგოვში. ოლქს საოკუპაციო ძალა ნაღმმტყორცნებით და ქვემეხებით უტევდა. ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. აგრესორის ჭურვებმა 2 მშვიდობიანი იმსხვერპლა. 59 წლის მამაკაცი დაიღუპა ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის დროს.
უკრაინული ქალაქების დაბომბვის გარდა, რუსულმა არმიამ საკუთარ ტერიტორიასაც შეუტია. ბელგოროდში აფეთქების მიზეზი ოკუპანტების ზებგერითი მოიერიშე ბომბდამშენი სუ-34 გახდა, რომელმაც შემთხვევით ჭურვი ჩამოაგდო. შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ღრმულის დიამეტრმა 20 მეტრი შეადგინა. კიევში ვარაუდობენ, რომ ბელგოროდში ჩამოგდებული ბომბი, ხარკოვისთვის იყო განკუთვნილი.