26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ქართული ოცნების" დაარსებიდან 11 წელი გავიდა - რით ამაყობს სახელისუფლებო პარტია და რას ამბობენ ოპონენტები

დაარსებიდან 11 წლის თავზე, მმართველი პარტია ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებს. ქვეყნის დემოკრატიული სვლა, ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, ეკონომიკური განვითარება და ფუნდამენტურად შეცვლილი სოციალური პოლიტიკა - ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობს.

"გარდატეხა სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე" - ასე აფასებს - "ქართული ოცნების" დაფუძნებას პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად ქვეყანამ არაერთი საფრთხე აირიდა. ამ კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

"ქართული ოცნება" საგარეო მიმართულებით მთავარ მიღწევებად ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ბოლოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ასახელებს. მმართველ გუნდი ახლა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

სწორედ საგარეო კურსთან დაკავშირებით აქვთ კითხვები ”ქართული ოცნების” მიმართ ოპონენტებს. ოპოზიციის ნაწილს არ უჭირს იმის აღიარება, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მთავარ გამოწვევად ევროინტეგრაციის გზას და დასავლურ პოლიტიკას ასახელებენ

ყოფილი მმართველი პარტიის კრიტიკას ”ქართულ ოცნებაში” არ იზიარებენ. სახელისუფლებო გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა რა პოლიტიკური ვითარება იყო 11 წლის წინ და როგორ შეცვალა ”ქართული ოცნების” პოლიტიკაში მოსვლამ რეალობა.

პარტიის დაფუძნების 11 წლის შესრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, ოცნების პირობებში წარსულში დარჩა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა და პატიმართა წამება. მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის როლზე აკეთებს აქცენტს და წერს:

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით ქვეყანა როგორც დემოკრატიული ასევე ეკონომიკური მიმართულებით წინსვლას განაგრძობს. ამბობენ, რომ 11 წლის განმავლობაში ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წელს კი ხელისუფლება ელოდება რომ ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო 2030 წლისთვის 15 ათას მიაღწევს.

დღის ამბები