26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ზავი, რომელიც მუდმივად ირღვევა და კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ქართველები - სუდანის დედაქალაქში მოსახლეობა შესაძლოა საკვებისა და წყლის გარეშე დარჩეს

ზავის პირველი დღე არ შედგა - სამდღიანი შეთანხმება სუდანის დედაქალაქში დილის 6 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, რაც რელიგიურ დღესასწაულზე მოსახლეობას მშვიდად ლოცვის საშუალებას მისცემდა, მეორეს მხრივ კი ევაკუაციის შანსს გააჩენდა, თუმცა სროლა და აფეთქებები ამ დრომდე არ წყდება.

გასული 7 დღის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით სუდანი, დაახლოებით, 20 000-მა ადამიანმა დატოვა და დევნილად იქცა, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს კვლავ შიშსა და გაურკვევლობაში უწევს ყოფნა. იგივე მდგომარეობაში არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ხართუმის აეროპორტის მახლობლად, თავშესაფრებში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. ორი დღის სამყოფი წყალი და საკვები, ასევე შეზღუდული მოცულობის დიზელის საწვავი იმისთვის, რომ ელექტროენერგიის არქონის პირობებში პერიოდულად გენერატორები ამუშაონ - ასეთია მათი რესურსები ამ დროისთვის. ევაკუაციასთან დაკავშირებული რისკების გარდა, ქართული კომპანიებისთვის არსებობს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის ალბათობაც, რადგან შეტაკებების ერთ-ერთი ზონა აეროპორტის ტერიტორიაა. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ "My Way "-ის ერთ-ერთი საჰაერო ხომალდი დაიწვა.

საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გარანტიები დაპირისპირებულმა მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს უნდა მისცენ. უსაფრთხო დერეფნის, დიპლომატების უსაფრთხოების ვალდებულების შესრულებისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ დღეს მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ამ მაღალ ღირებულებებზე საუბრობს ორივე მხარე, რომელიც ძალაუფლებისთვის პოზიციებს და იარაღს არ ყრის. შედეგად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სუდანში უკვე დაიღუპა 413 ადამიანი, 3 551 კი დაშავდა.

დღის ამბები