26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ მისცენ. როგორც ის ამბობს, ოპოზიცია სასამართლო სისტემაზე შტურმს ახორციელებს და ამას არ გაატანინებენ. 

მამუკა მდინარაძე პასუხობს კითხვას, რომელიც მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილებას ეხებოდა.  

"ამ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ბრახაბრუხს, ოპოზიციას ურჩევია რეგლამენტი წაიკითხოს. იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას.  

სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ, თუკი ამ სიტყვას შეიძლება ყველაზე პოზიტიური გაგება ჰქონდეს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილიყვნენ და სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მოდით, ახლა ყველამ იძულებული გავხადოთ, რეგლამენტიც წაიკითხონ.

პარლამენტის საქმიანობას, გარანტიას ვაძლევ მათ, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. უნამუსობა, სამარცხვინობაც შეიძლება დაერქვას, როდესაც ნაცმოძრაობის წარმომადგენელი „გაწვება“ რომ შენ უნდა შექმნა სასამართლოსთან დაკავშირებით კომისია. სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც მათ პირობებში არ არსებობდა.

როგორც არ უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ვიღაცას, შენი ქვეყნის სასამართლოს მოსამართლეს მტკიცებულებების გარეშე დაუწესებენ თუ არა შეზღუდვას თუ სანქციას, უნდა გეყოს გამბედაობა, თქვა, რომ ეს არის უსაფუძვლო, უსამართლო და ასეთი რამ არ შეიძლება. ესენი ამას კი არ აკეთებენ, აკეთებენ პირიქით. ისინი ამის საფუძველზე შტურმს ახორციელებენ სასამართლო სისტემაზე. ბუნებრივია, მათ ამას არ გავატანინებთ," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები