26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ახალი დაპირისპრება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ლევან ხაბეიშვილის საკადრო წმენდას ნიკა მელიას გუნდის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა

სიღნაღის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე, პარტიის ახალ მენეჯმენტს დევნაში ადანაშაულებს. ნატო უსენაშვილის თქმით, ის ისე გადაირჩიეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდა. უსენაშვილი გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებს.

ნატო უსენაშვილის გადაყენებას, სიღნაღის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების პროტესტი მოჰყვა. ნონა ნინაშვილმა ფრაქცია დატოვა, თუმცა ამბობს, რომ ისევე როგორც უსენაშვილზე, მასზეც იყო ზეწოლა, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილსაც მიაწოდეს.

ყოფილ თანაფრაქციელებს ცენტრალური ოფისიდან შეახსენეს, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც რაიონების მასშტაბით მიიღება, პარტიული პოზიციაა და მისი გათვალისწინებაც აუცილებელია.

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" მელიას თანამოაზრეები ახალ მენეჯმენტს მოუწოდებენ, უარი თქვან განსხვავებული აზრის დევნაზე. ბაჩო დოლიძის თქმით, თანაპარტიელებზე ზეწოლა პარტიის გახლეჩის მიზანს ემსახურება.

კახეთის გარდა დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციაშიც გრძელდება. ერთ პარტიას კასპში ორი ოფისი, თუმცა სხვადასხვა ლიდერი ეყოლება. მელიას მხარდამჭერებთან უთანხმოების გამო ლევან ხაბეიშვილის მომხრეები ცალკე ოფისში გადადიან.

ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, მმართველი პარტიისთვის ოპოზიციური ძალის თვითდაშლის პროცესია.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, უთანხმოება ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობის გუნდებს შორის დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, პარტია უკვე გაყოფის ზღვარზეა და ყველა ახლა პოლიტსაბჭოს არჩევნებს ელოდება, რაც გადამწყვეტი რაუნდი იქნება ერთიანობის შესანარჩუნებლად.

დღის ამბები