26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლო ადვოკატებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გადაგზავნას სთხოვს

სტრასბურგი ექსპრეზიდენტის დაცვის მხარეს სთხოვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გადაუგზავნოს. დოკუმენტების შესაგროვებლად დაცვის მხარეს კიდევ 8 დღე დარჩა. ადვოკატებმა ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორიასთან ერთად, დოკუმენტებს ფსიქიატრების დასკვნაც უნდა დაურთონ, რომელთა ჯგუფიც პაციენტმა პალატაში გუშინ შეუშვა. სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას კარგად ასახავს, თუმცა ევროსასამართლო დამატებით ინფორმაციას, მათი აზრით, ობიექტური სურათის შესაქმნელად ითხოვს.

სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე, სტრასბურგის სასამართლო დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროსგანაც ელოდება. მოპასუხე მხარემ, ევროსასამართლოს, სააკაშვილის სრული ანამნეზი უნდა გაუგზავნოს, რომელსაც პენიტენციური სამსახური კლინიკა "ვივა მედიდან" ყოველი კვირის ბოლოს იღებს. მედიკოსები უკვე ამზადებენ სააკაშვილის ფორმა 100-ს ფსიქიატრების დასკვნასთან ერთად, რომელიც უწყებას უახლოეს დღეებში გაეგზავნება.

სააკაშვილის დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაა. მედიკოსების შეფასებით, დოკუმენტით ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, ომბუდსმენი წინასწარ ვერ ამბობს, რა გავლენას იქონიებს ექიმების დასკვნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტრასბურგის სასამართლოში პროცესს დააჩქარებს და საბოლოოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროსასამართლოში დაბალი კვალიფიკაციის საჩივარი გაგზავნეს და დარწმუნებულები არიან, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მცდელობა წარუმატებელი იქნება.

ევროსასამართლო მოსარჩელე და მოპასუხე მხარის მხრიდან დამატებით ინფორმაციას 28 აპრილამდე ელოდება.

ავტორი: ანუკი ბუავა 

 

 

 

დღის ამბები