26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ახმეტაში 43 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ჯ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი - 1980 წელს დაბადებულ ნ.ნ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები