26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მამის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ახალგაზრდას უვადო პატიმრობა ემუქრება - რას ჰყვება "კურიერთან" მოკლულის და

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში 57 წლის მამაკაცს საკუთარმა შვილმა საწოლში ნაჯახი დაახლოებით 15-ჯერ ჩაარტყა. ივანე გავაშელაშვილის და "კურიერთან" ჰყვება, თუ რა ვითარებაში მოკლეს მისი ძმა. 22 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ივანე გავაშელაშვილის ცხედარი მეზობლებმა საძინებელ ოთახში ნახეს. მამაკაცს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რომ ახლობლებს მისი იდენტიფიცირებაც კი გაუჭირდათ. მეზობლები გავაშელაშვილების სახლში მას შემდეგ შევიდნენ, რაც მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არც სამეზობლოში გამოჩენილა და არც აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე შეუნიშნავთ.

რა გახდა მკვლელობის მოტივი - ამ კითხვაზე ადგილობრივებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ მამა-შვილი სოფელ ღვანკითში მდებარე ამ სახლში მარტო ცხოვრობდა და მანამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. მეზობლები "კურიერთან" არ მალავენ, რომ 22 წლის ახალგაზრდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და გარკვეული პერიოდი მკურნალობას საავადმყოფოშიც გადიოდა.

იყო თუ არა გიორგი გავაშელაშვილი ფსიქიკურად შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის მომენტში - ამ კითხვაზე პასუხი ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს. სამართალდამცველებმა სხვა მტკიცებულებებთან ერთად გავაშელაშვილების სახლიდან უკვე ამოიღეს ის მედიკამენტები, რომელსაც ბრალდებული სისტემატურად მოიხმარდა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 22 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები