26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
სუდანში შეტაკებების ზონის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს საქართველოს 33 მოქალაქე - ქვეყანაში ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მეორედ ამოქმედდა

მე-5 დღეა ცეცხლში გახვეულ სუდანში საქართველოს 33 მოქალაქე იმყოფება. ორი ავიაკომპანიის თანამშრომლები მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ მალე სამშობლოში დაბრუნებას მოახერხებენ. სწორედ მათ ევაკუაციას ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით "მაი ვეისა" და "ჯეოსქაის" ხელმძღვანელობა.

სუდანის დაპირისპირებული მხარეებისგან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მთელი მსოფლიო ელოდება, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ. ერთხელ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე დაირღვა. მორატორიუმმა მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშავა. დღეს კი სუდანის არმიის გენერალმა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების მეთაურმა კიდევ ერთხელ მისცეს მსოფლიო ლიდერებს პირობა, რომ ცეცხლს 24 საათით შეწყვეტენ.

ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად სუდანის მოქალაქეებისთვის არის. გუშინ ღამით დარღვეულმა შეთანხმებამ მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფრებში დაბრუნდნენ და ქუჩაში გასვლას ისევ ვერ ახერხებენ, რადგან სამხედროების სამიზნეები ხდებიან.

სუდანი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა ათასობითაა, თუმცა მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება იწურება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 300-ს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 2.600 მიაღწია. მშვიდობიანი მოქალაქეები ორი გენერლის ბრძოლას ეწირებიან. მათი დაპირისპირება კი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის მოსაპოვებლად დაიწყო.

დღის ამბები