26 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის "პოლიტიკური სოლიდარობის" გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია - საქართველოს სასამართლოს გუშაგი

უმრავლესობის "პოლიტიკური სოლიდარობის" გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია, - საქართველოს სასამართლოს გუშაგი განცხადებას ავრცელებს. 

18 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რომლის მიზეზად მოსამართლეების მიმართ "პოლიტიკური სოლიდარობა" დასახელდა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის "პოლიტიკური სოლიდარობის აქტი" არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება. ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება. 

"საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ ინიციატივა, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო წარმოდგენილი.

კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან (ნათია ქუთათელაძე და ანა ღელეყვა), რომლებშიც ისინი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ  მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობენ; ასევე - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის საჯარო განცხადებები. 

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა აქტუალობა კიდევ ერთხელ შეიძინა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მიმდინარე წლის 5 აპრილს 4 მოსამართლის (მათ შორის ერთი ყოფილი) სანქცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა  მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთანავე, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა. თუმცა, "ქართული ოცნების" ქმედებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები