უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული მანქანები, პოლონეთში ახალი რეგულაციების გამო ვერ შედიან. უკრაინელი მძღოლები აცხადებენ, რომ დაწესებულმა აკრძალვამ, ისინი რთულ სიტუაციაში ჩააყენა.
უკრაინული პროდუქციის აკრძალვის მიზეზი პოლონეთში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. აღნიშნეს, რომ ევროკავშირში წარმოებულ მარცვლეულთან შედარებით, უკრაინული გაცილებით იაფია, რაც მათ ადგილობრივ ბაზარს აზარალებს. ახალი რეგულაციებით ვარშავა ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებს დაიცავს, თუმცა მზადაა გარკვეული გარანტიების მიღების შემთხვევაში, უკრაინული საქონლის ტრანზიტს დათანხმდეს.
პოლონეთის მსგავსად უკრაინული პროდუქცია ვერ შევა უნგრეთსა და სლოვაკეთშიც. ასეთივე ზომების მიღებას გეგმავს ბულგარეთი და რუმინეთი. ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირისგან უკვე არსებული რეგულაციების გადახედვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინულ პროდუქციაზე აკრძალვის ვადის გახანგრძლივებას აპირებს.
უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბრიუსელის კრიტიკის სამიზნე გახდნენ. გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, ინდივიდუალურად დაწესებული რეგულაციებისთვის ევროკავშირი პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს მკაცრი რეაქციით ემუქრება. ბრიუსელმა ამ გადაწყვეტილებას უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ უარს უკრაინულ პროდუქციაზე, ეს კი იმ ფონზე როდესაც რუსეთმა 50 სატვირთო ხომალდი დაბლოკა, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მოსკოვი შეთანხმების დარღვევასა და სასურსათო კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა.