26 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებულ პარტიის წარმომადგენლებს - ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე და BBC-ის გამოძიებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც ინტერნაციონალურ დანაშაულს,  ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს ეხება და რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნეს ატერორებდა, ახლა კი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის რეპუტაციისთვის სამარცხვინოა, თუმცა კარგია, რომ სიმართლე გამჟღავნდა. 

"მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე.

პირველ რიგში იმიტომ მინდა ამის თაობაზე კომენტარი გავაკეთო, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. გახსოვთ, რომ ბოლო 1 წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. 

ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ, ალბათ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ერთობლივად იქნა გაწეული. ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი როლი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ  ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი ლარის ზარალი იქნა მიყენებული.

ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებულ პარტიის წარმომადგენლებს. ეს, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები