ნუცა ბუზალაძის წარმატება ახლა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული - "ამერიკული ვარსკვლავის" ლაივშოუები იწყება. ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ კონკურსში ქართველი მუსიკოსი პროექტის მთავარი შემდგენლობის ერთადერთი უცხოელი მონაწილეა. ნუცამ ყველა ის ტური წარმატებით გადალახა, რაც მხოლოდ მასზე და მის შესრულებაზე იყო დამოკიდებული, ახლა კი საქართველოსა და აშშ-ში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის იმედი აქვს.
რამდენ ხანს დარჩება ნუცა "ამერიკულ ვარსკვლავში", ეს მხოლოდ მაყურებლის ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ხმის მიცემა დღეს, ამერიკის დროით რვა საათზე, ხოლო საქართველოს დროით, 18 აპრილს, დილის 4:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს 10 საათი ექნება იმისათვის, რომ ნუცა ბუზალაძეს მხარი დაუჭიროს, თითოეულს კი ჯამში 30 ხმის მიცემა - 3 გზით შეუძლია.
ნუცა ბუზალაძემ ბევრი სირთულის მიუხედავად, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამერიკული ვარსკვლავის სცენაზე ღირსეულად დგას. მისმა შესრულებამ და პერფორმანსმა ვარსკვლავური ჟიურის აღფრთოვანება არაერთხელ დაიმსახურა. ჟიურისგან დამსახურებული კომპლიმენტები, "ამერიკულ ვარსკვლავში" მონაწილეობა, ყველა ტურში წარმატება - ამას უკვე ნუცას და ქვეყნის გამარჯვებად თვლიან მომღერლის კოლეგები.
ამერიკული ოცნების ასრულებას ნუცა ბუზალაძე თითო ნაბიჯით უახლოვდება. 15 000 კონკურსანტიდან, ჟიურიმ 24 საუკეთესოთა შორის დაასახელა. ახლა ვარსკვლავური ჟიური - ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, - საუკეთესოს მხოლოდ ხალხი ირჩევს.
სატელევიზიო მეგაშოუ "ამერიკული ვარსკვლავის" ნახვა მაყურებელს ABC-ის ეთერში შეეძლება, პირდაპირი ტრანსლირება კი hulu.com-ზე გადაიცემა. 24 კონკურსანტიდან შემდეგ ეტაპზე 16 მონაწილე გადავა - იქნება თუ არა მათ შორის ნუცა, ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.