26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
მარცვლეული, შაქარი, ხორცი, ხილ-ბოსტნეული, რძე, კვერცხი - უნგრეთმა და პოლონეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტზე უარი თქვეს

მარცვლეული, შაქარი, ხორცი, ხილ-ბოსტნეული, რძე, კვერცხი - ეს იმ უკრაინული პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის იმპორტზეც უნგრეთმა და პოლონეთმა უარი თქვა. ორივე ქვეყანა მიღებულ გადაწყვეტილებას საკუთარი ფერმერების ინტერესების დაცვით ხსნის. ამბობენ, რომ რუსული აგრესიის შემდეგ, ევროკავშირში იაფი უკრაინული პროდუქცია შედის, რაც ადგილობრივ სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვნად აზარალებს.

პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროდუქციის იმპორტის აკრძალვა უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე არ აისახება. ვარშავასა და ბუდაპეშტში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ადგილობრივი ფერმერების პროტესტს ვერ შეაჩერებდნენ. პოლონეთისა და უნგრეთის პოზიციას აკრიტიკებს ევროპული კომისია და მას მიუღებელ, თვითნებურ გადაწვეტილებას უწოდებს.

ევროკომისიის მკაცრი პოზიციის მიუხედავად, უნგრეთისა და პოლონეთის მსგავსად უკრაინიდან მარცვლეული ვეღარც სლოვაკეთსა და ბულგარეთში შევა. უკრაინის პროდუქციაზე შეზღუდვები შეიძლება დააწესოს რუმინეთმაც.

იმპორტზე აკრძალვას უკრაინაშიც გამოეხმაურნენ. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმებების დარღვევაა და საკითხი მოლაპარაკებას საჭიროებს. არ არის გამორიცხული, მიმდინარე კვირაში ევროკავშირში უნგრეთისა და პოლონეთისგან ახსნა განმარტება მოითხოვონ. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო შეკრების შესახებ ინფორმაცია "როიტერსმა" გაავრცელა. პოლონეთსა და უნგრეთში უკრაინული პროდუქციის აკრძალვა ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება.  

დღის ამბები