26 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
შეტაკებების მესამე დღე სუდანში და კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართველები - ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი იწყება

უკვე მესამე დღეა სუდანის დედაქალაქში ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი არმია და სწრაფი რეაგირების დანაყოფი, პოლიტიკური ვითარების რამდენიმეთვიანი ესკალაციის ფონზე, ერთმანეთს გავლენის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა. ქალაქ ხართუმის აეროპორტის მახლობლად არმიამ იერიში სწორედ სწრაფი რეაგირების დანაყოფის ბაზაზე მიიტანა. ბრძოლები მიმდინარეობს აეროპორტის ხელში ჩასაგდებადაც. მოქმედებებში ჩართულია სამხედრო ავიაციაც.

სწორედ აეროპორტის მახლობლად, საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს არის ჩარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქე. ისინი ორი ავიაკომპანიის, "ჯეო სქაის" და "მაი ვეის" თანამშრომლები არიან. "მაი ვეის" ინჟინერი, ლევან მეძმარიაშვილი "კურიერთან" სიტუაციას კრიტიკულად აფასებს. "კურიერის" კიდევ ერთი რესპონდენტი "ჯეო სქაის" ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად თბილისშია, ამბობს, რომ მისი კომპანიის 20 თანამშრომელი ამჟამად უსაფრთხოდ არის; რაც შეეხება მათ ევაკუაციას, ჯერჯერობით, გეგმისა და ვადების შესახებ კონკრეტული საუბარი შეუძლებელია.

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ამასთან განმარტავს, თუ რა საკომუნიკაციო არხებს იყენებს ქვეყნის დიპლომატიური უწყება მოლაპარაკებებისთვის.

სამდღიანი მწვავე მოვლენების განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავი მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ 3 საათით გამოცხადდა, თუმცა ეს მხოლოდ დაღუპულების და დაჭრილების გამოყვანას ემსახურებოდა. შეთანხმების მიუხედავად, ცეცხლი არც დროის ამ მონაკვეთში შეწყვეტილა. სუდანის დედაქალაქში თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, დახურულია სამოქალაქო ობიექტები და თანდათან მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი, გართულებულია საკვების და სასმელი წყლის მოძიება. შეშინებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. შუამავლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ ეგვიპტე და სამხრეთ სუდანი, თუმცა, ამ ეტაპზე, არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული. სამართლიანობის და მშვიდობის საჯაროდ გაცხადებული სურვილის მიუხედავად, ორივე მხარეს ახლა შედეგის მიღწევა და გავლენის მოპოვება იარაღით სურს. თუ ვითარების დეესკალაცია ახლო მომავალში არ მოხდება, ადგილობრივ საექსპერტო წრეებში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რადგან იარაღი სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებსაც აქვს.

ამ ეტაპზე, დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი, დაჭრილების რაოდენობა კი 1 100-ს აჭარბებს.

დღის ამბები