ვნების კვირაში, წითელ პარასკევს, ეკლესიებში გარდამოხსნის მსახურება აღესრულება და მაცხოვრის დატირება იგალობება. ხმა კი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან ისმის, გულგრილს ვერავის ტოვებს. თითქმის ნახევარი საუკუნეა ღვთისმშობლის დატირებას კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სოპრანო ნაირა ნაჩხატაშვილი გალობს.
მისი მოსმენის დროს ემოციების შეკავება ნამდვილად რთულია და ალბათ არც მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ნაირა ნაჩხატაშვილის მიერ შესრულებული საგალობელი გულგრილს ტოვებს. ის ყოველ წითელ პარასკევს, დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილ საგალობელს ასრულებს.
ტაძარში გალობამდე იყო წარმატებული მუსიკალური კარიერა. ნაირა კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე სწავლობდა, ჰქონდა სოლო კონცერტები და გასტროლები ჯანსუღ კახიძესთან ერთად. მაესტრო მას ხშირად იწვევდა ფესტივალებზეც. მას შემდეგ კი, რაც ნაირამ ტაძარში გალობა დაიწყო, საბჭოთა ხელისუფლებამ ის არჩევანის წინაშე დააყენა და ერთი წლით უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს.
ნაირამ ცხოვრების განმავლობაში არაერთ პროფესიულ შემოთავაზებაზე უარი თქვა და დღესაც ეკლესიაში გალობს, მისი ერთგულება და სიყვარული, როგორც ამბობს, იმ სასწაულებს უკავშირდება, რომელიც გალობის დაწყების პირველივე დღიდან ახსოვს.
სცენის სიყვარული და სურვილები, რაც მას უკავშირდებოდა მგალობელმა შვილსაც გადააბარა.
როგორც ნაირა ამბობს, გაილევა თუ არა ვნების კვირა, იწყებს ფიქრს, რომ მომავალ წითელ პარასკევს, ჯვარცმის დღეს გონებაში გაჰყვება ქრისტეს გზას და დაიტირებს ისე, როგორც ქართველი დედა.
"კურიერი პიესმა" მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
"ღმერთმა ეს მე დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია. მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა ყველას მიუტევოს და ყველა მოვიდეს იმ გონზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოისურვოს ხალხისთვის.
უწმინდესს ვუთხარი, თქვენო უწმინდესობა, როგორც დედა დაიტირებს ისე უნდა იგალობებოდეს. აბა როგოროო? - იქვე გოგოებმა ბანი დამაწერინეს, ტექსტს კითხულობ და ტირიხარ. მითხრა - ჰო, ჰო ეგ არის, ეგა, დღეიდან შენ ამას იგალობებო დღეიდან და 43-ე წელია უკვე ვგალობ.
გადაგვარჩენს მხოლოდ და მხოლოდ რწმენა და იმედი იმისა, რომ უფალი ჩვენთან არის, ჩვენ ოღონდ უფალი მივიღოთ," - აცხადებს ნაირა ნაჩხატაშვილი.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე