56 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებებს - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
დაღუპულები არიან დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალების" მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი.
ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქთან მდებარე "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზაზე. სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის დედაქალაქსა და მიმდებარე ქალაქებში.
გუშინ დაჯგუფების მებრძოლები აცხადებდნენ, რომ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე, არმიის მეთაურის რეზიდენცია, სახელმწიფო ტელევიზია და საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა არმია ინფორმაციას უარყოფს.
სუდანის საჰაერო ძალები მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.