ოთხთვიანი პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საკამათო საპენსიო რეფორმის კანონს. ცოტა ხნით ადრე, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, მწვანე შუქი საკონსტიტუციო საბჭომ აუნთო. საბჭომ მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებსაც, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. ფაქტს ოფიციალურად გამოეხმაურა საფრანგეთის პრემიერი ელისაბედ ბორნი.
9 წევრისგან შემდგარი საკონსტიტუციო საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, აკრიტიკებს ოპოზიცია და პროფესიული კავშირის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ მაკრონის რეფორმა კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
საპენსიო რეფორმაზე გადაწყვეტილების გამოცხადებას მშვიდობიანი დემონსტრანტები პარიზში, საკონსტიტუციო საბჭოს შენობასთან ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, საპენსიო ასაკი გაიზარდა, პროტესტის ძალადობრივ ფორმებს მიმართეს. დემონსტრანტებმა პარიზის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. გზადაგზა ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. პოლიციამ მათ დაშლისაკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი კი დააკავეს.
პროფკავშირი და მაკრონის პოლიტიკური ოპონენტები პირობას დებენ, რომ კანონპროექტის გასაწვევად მთავრობაზე ზეწოლას კვლავ გააგრძელებენ. პირველ მაისს კი მორიგ მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ, რაც მათი შეფასებით, ქვეყნისთვის "უპრეცედენტო" იქნება. პრეზიდენტი მაკრონი კი ამტკიცებს, რომ საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, რეფორმა აუცილებელია, კანონპროექტის ძალაში სექტემბერში შევა.
ავტორები: ნია პატაშური, თამუნა ხონელიძე