შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შესრულდა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
დღეის მდგომარეობით, თუშეთში 23 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 6 თვის განმავლობაში დაკეტილია. მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასოდ ემსახურება. ვერტმფრენი მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.