საიდუმლო სამხედრო მასალების მასობრივი გაჟონვის საქმეზე დაკავებული 21 წლის ჯექ ტეიშეირაა. ის მასაჩუსეტსის შტატში, ოტისის საჰაერო ბაზაზე, ეროვნული გვარდიის სადაზვერვო განყოფილებაში მსახურობდა. ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა, მის სახლში, მასაჩუსეტსის ქალაქ დაიტონში აიყვანეს. ძალოვნები, 21 წლის ოფიცრის სახლთან, ჯავშანმანქანებით მივიდნენ. დაკავების დროს მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
გენერალურმა პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა კანონიერი წვდომა დაკავებულს, საიდუმლო მასალებთან. ჯექ თეიშეირა სამხედრო დოკუმენტებს მეგობრებს ონლაინ თამაშის ჩეთის მეშვეობით უზიარებდა. ამ ჯგუფში, ძირითადად, იარაღის მოყვარული ახალგაზრდები იყვნენ გაწევრიანებული. პენტაგონში დაადასტურეს, რომ საიდუმლო მასალების გავრცელება წინასწარ განზრახული დანაშაულებრივი ქმედება იყო.
ზოგიერთი დოკუმენტის ავთენტურობა ამ დრომდე დაუდასტურებელია. მასალების გაჟონვა, როგორც ირკვევა, სხვადასხვა წყაროდან მოხდა, რომლითაც ამერიკის ადმინისტრაცია სარგებლობს. საიდუმლო მასალების გაჟონვის გამოძიების შესახებ ჰკითხეს ირლანდიაში ვიზიტით მყოფ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუმცა ჯო ბაიდენს მიმდინარე გამოძიების დეტალები არ დაუკონკრეტებია.
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვამ, შეერთებული შტატები მის მოკავშირეებთან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. გავრცელებულმა დოკუმენტებმა დაადასტურეს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ისეთ მოკავშირეებს უთვალთვალებდნენ, როგორებიც არიან უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, ტაივანის და ისრაელის მთავრობები. დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ მოსადმა წაახალისა პროტესტი ნეთანიაჰუს გეგმის წინააღმდეგ, უზენაეს სასამართლოზე კონტროლი გაემკაცრებინა. თვალთვალის ობიექტი იყო, გაეროს გენერალური მდივანიც კი, რომელზეც, გავრცელებული მასალების მიხედვით, ეჭვი ჰქონდათ, რომ ზომაზე მეტად მონდომებული იყო, რუსეთის ინტერესები დაეკმაყოფილებინა მარცვლეულის ექსპორტის საქმეზე. დოკუმენტებში აღმოჩნდა გუტერეშის პირადი მიმოწერა, მის მოადგილესთან. გაეროში კატეგორიულად უარყვეს გენერალური მდივნის ლოიალურობა, რომელიმე ქვეყნის მიმართ და აღნიშნეს, რომ გენერალურ მდივანს მისი პირადი საუბრების მოსმენა არ უკვირს.
ვაშინგტონს მამხილებლების ან უცხოელი აგენტების მიერ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ან უცხო ქვეყნებისთვის გადაცემის არაერთი გახმაურებული საქმე ახსოვს. იქნება ეს ამერიკულ სამხედრო ინდუსტრიაზე ჯაშუშობა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პენტაგონის საიდუმლო კვლევის პრესისთვის გადაცემა 1971 წელს ანალიტიკოს დენიელ ელსბერგის მიერ, პენტაგონელი ლორენს ფრანკლინის ჯაშუშობის ამბავი, როდესაც ისრაელმა ირანის შესახებ ამერიკის პოლიტიკის დოკუმენტაცია მიიღო, ჯულიან ასანჟის ვიკილიქსი და ჩელსი მენინგის მიერ საიდუმლო ფაილების გავრცელება, თუ ედვარდ სნოუდენის საქმე და სნოუდენის მოსკოვში გაქცევა. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა ჯექ ტეიშიერას, საიდუმლო მასალების გასავრცელებლად.