26 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
წითელი პარასკევი, ვნების კვირეულში მართმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღე - "კურიერი" იერუსალიმიდან

წითელი პარასკევი - ვნების კვირეულში მართმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღე. მომლოცველები ძველ იერუსალიმში დილით ადრე იკრიბებიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 10 000-ობით ადამიანი, ლოცვით იმ გზას გადის, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა.

ვია დოლოროსა ანუ ვნების გზა, 600 მეტრი სიგრძისაა. მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა იერუსალიმის ლომის კარიბჭიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება, იქ, სადაც სახარების მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. 

ამ გზაზე მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება გვხვდება. მორწმუნეები თითოეულ მათგანთან ჩერდებიან და ლოცულობენ. იერუსალიმში იმყოფებიან ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც ქართველი პილიგრიმების მსვლელობას უძღვებოდნენ.

ვნების კვირა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წმინდა მიწაზე. საქართველოდან იერუსალიმში სპეციალურად ჩასული მომლოცველები გზას გოლგოთისკენ გალობით მიუყვებიან.

ვნების კვირეულის წითელ პარასკევს, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. მსახურება იერუსალიმის პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.

მსახურების შემდეგ ტაძარი ჩაიკეტა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ხვალ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. ვნების კვირეულის მეექვსე დღეს, მორწმუნეები ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. 

 

დღის ამბები