26 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
BBC-ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილზე - ე.წ. ქოლცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის საერთაშორისო გამოძიება გრძელდება

BBC-ის ჟურნალისტის საგამოძიებო ფილმში ავტორი ჰყვება, რომ ვიდეო-მასალა ქოლცენტრების სკანდალში გახვეული "მილტონ გრუპის" კორპორაციულ წვეულებას ასახავს. ასობით თანამშრომელი წარმატებულ და მომგებიან წელს შამპანურის შადრევნებით აღნიშნავს. გამომძიებელი რეპორტიორი ირწმუნება, რომ ამ ადამიანებმა ევროპელ პენსიონერებს თაღლითური გზით ასეულობით მილიონი გამოსძალეს.

BBC-ის გამოძიებაში ნახსენები ჰოლდინგი, სახელწოდებით - "აქსიოსი", ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. თავის მხრივ, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები უშუალოდ არიან დაკავშირებული დავით კეზერაშვილის საინვესტიციო ფირმა "უნივერსალ კაპიტალ გრუპთან", მათ შორის, ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი და იოსებ მგელაძე.

გურამ გოგეშვილი წარმოადგენდა ალბანეთში დავით კეზერაშვილის ნავთობკომპანიასაც; ამავე ქვეყანაში, ქოლცენტრების ქსელს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი, მიხაილ ბენიმინი, იგივე მიშკა ბენიაშვილი ედგა სათავეში. ის ახლა ალბანური გამოძიების ობიექტია.

BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტი პირადად ესწრებოდა სპეცოპერაციას უკრაინაშიც, სადაც ევროჯასტის ორგანიზებით ქოლცენტრების დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. რეპორტაჟის მიხედვით, დავით კეზერაშვილის საკუთრებაა საოფისე შენობა, სადაც არალეგალური ბიზნესსაქმიანობა წარმოებდა. BBC-ის ჟურნალისტი სიმონა ვეინგლასი კონსპირაციულად შეხვდა ქოლცენტრის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც დანაშაულებრივი ქსელი ამხილა. მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეპორტაჟის ავტორები მის ვინაობას არ ასაჯაროებენ და მოიხსენიებენ პირობითი სახელით - "ალექსი".

რეპორტაჟით ვიგებთ, რომ BBC-ის გადამღები ჯგუფი გასული წლის ნოემბერში ქართველი და გერმანელი სამართალდამცველების ერთობლივ რეიდს ესწრებოდა თბილისშიც, "აქსის თაუერსის" შენობაში. ათობით კომპიუტერში კამერებმა პოტენციურ მსხვერპლთა ვრცელი ბაზა დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, სპეციალურ დაფაზე გამოკრული აღნიშვნები და სავარაუდოდ, ევროპელი პენსიონერებისგან მითვისებული თანხების ოდენობა. თბილისის ქოლცენტრის თანამშრომლებმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი BBC-ის ინტერვიუზე ანონიმურობის გარანტიით დათანხმდა.

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ქართველ კოლეგასთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა გერმანელი პროკურორი. მისი თქმით, დანაშაულებრივი სქემა იმდენად მრავალწახნაგოვანი და ჩახლართულია, რომ სამართალდამცველები გამოძიების პროცესში მთელ რიგ სირთულეებს წააწყდნენ, თუმცა იპოვეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

მილიარდიანი თაღლითობა - ასე შეაფასა BBC-იმ ის ზარალი, რომელიც დანაშაულებრივი ქსელის საქმიანობით ევროპელ პენსიონერებს მიადგა. ტრანსნაციონალური თაღლითობის რამდენიმე მსხვერპლი ჰყვება, რომ მთელი მათი ცხოვრების დანაზოგი უბრალოდ გაქრა.

ბრალდებებზე საპასუხოდ BBC-ის ჟურნალისტი ლონდონში, დავით კეზერაშვილის ვილაშიც მივიდა. რეპორტაჟის მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს ქონება 18 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. კეზერაშვილმა ინტერვიუზე უარი თქვა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დანაშაულთან კავშირი ჯერ იურისტების მეშვეობით, შემდეგ კი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვრცელი სტატუსით უარყო.

BBC-ის რეპორტაჟში მოხვდა "რუსთავი 2-ის" რამდენიმე სიუჟეტი ქოლცეტრების საქმის გამოძიებაზე.

საქმის მიმდინარეობაზე BBC-ის გამოძიების შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეთდა კომენტარი თბილისშიც - საქართველოს პროკურატურაში თქვეს, რომ ევროჯასთის და ევროპოლის მხარდაჭერით სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად გამოძიება გრძელდება საქართველოშიც.

ალბანეთი, ისრაელი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და საქართველო - ქოლცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, BBC-ის რეპორტაჟის ქართველი ფიგურანტები საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში გამოიკითხონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები