26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
პენსიონერებისთვის მოპარული ფული და BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის ქართველი ფიგურანტები - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდო მონაწილეობას

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობაში" დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაზე საუბარი არ სურთ და აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მზადაა, საერთაშორისო გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" კეზერაშვილის სკანდალის გადაფარვის მცდელობაა. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მძიმე ბრალდებებზე პასუხისგება მოუწევს.

"ქართული ოცნების" გარდა, ბრიტანული გამოძიების შედეგებს ელოდებიან ოპოზიციაშიც. პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ უმძიმესი ბრალდებები გაჟღერდა და ეს პიროვნული რეპუტაციის გარდა, ქვეყნის იმიჯსაც აზიანებს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა ძებნილმა კეზერაშვილმა ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ გასვლაზე უნდა იზრუნოს.

ევროპელი პენსიონერების კუთვნილი მილიარდობით თანხის მითვისებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხილებამ ოპოზიციის ნაწილი დაარწმუნა, რომ კეზერაშვილთან ნებისმიერი კავშირი სამომავლოდ მიუღებელი იქნება. ეს კი გავლენას მოახდენს მის მხარდაჭერილ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობაზეც. 

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ გავლენიან დასავლურ მედიაში გავრცელებული მასალები პარტნიორებისთვის გზავნილი უნდა იყოს და საქართველოს გარდა, ახლა უკვე ევროპის მასშტაბით მძიმე ბრალდებებში მხილებული ექსმინისტრი საქართველოს უნდა გადასცენ. ამის გარდა, მმართველ პარტიას კითხვების აქვთ იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებმაც რეზოლუციაში დავით კეზერაშვილი პოლიტიკურ ნიშნით დევნილად მოიხსენიეს.

დღის ამბები