26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ჩალაძე ჩვეულებრივი პოლიტიკური მიუნჰაუზენია, სტრასბურგს კი, სააკაშვილის სარჩელზე სახელმწიფოსთვის ჯერ არ მოუმართავს - რატი ბრეგაძე

ჩალაძე გამოჭერილია ბევრ ტყუილში, ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მიუნჰაუზენი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებმა სარჩელით უკვე მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა სტრასბურგს ჯერ სახელმწიფოსთვის არ მოუმართავს.

"ისევ და ისევ დაცვის მხარის განცხადებებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა ჯერ ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე სახის კითხვა ან დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ, შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი.

მინდა ერთ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, გავრცელდა ბატონი ჩალაძის განცხადება, რომელიც არის მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, სადაც ის საუბრობს გარკვეულ დეტალებზე. იქ საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილს ჩართული ტელევიზორის წინ და ანთებული სინათლის მქონე ოთახში უწევდა ძილი, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ სწორედ მას შეუძლია ჩააქროს შუქი, ასევე აანთოს და თუ ტელევიზორი დგას იმ ოთახში, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ტელევიზორი ასევე აქვს პულტი და შეუძლია ხმას ჩაუწიოს, აუწიოს, ან გამორთოს. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე. შემდგომში ის ახსენებს, რომ თითქოს მაშინ, როდესაც მარტო რჩებოდა, ნაბიჯების ხმის იმიტაცია კეთდებოდა, რომ მისი ოთახისკენ მიდიოდნენ მის მოსაკლავად.

ასეთი ტიპის ზღაპრებზე, ბუნებრივია ძალიან რთული იქნება საუბარი და შესაბამისად, თუ ასეთი ტყუილებით აპირებენ თავიანთი დაცვის სტრატეგიის აწყობას ეს, რა თქმა უნდა მათი პრობლემა არის და მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ისინი რომ ტყუილში მრავალჯერ არიან გამოჭერილები ბოლო დროის ფაქტიც მეტყველებს, როდესაც ბატონმა ჩალაძემ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ გააკეთა ერთ-ერთი განცხადება და "გვამხილა" იმის შესახებ, რომ სიცრუეს ვამბობდით და შემდგომში სწორედ ის განცხადება, რომელსაც კამერების წინ აფრიალდება აღმოჩნდა სიცრუე. აქაც გამოჭერილი იყო ეს ადამიანი ტყუილში, ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მიუნჰაუზენი და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. 

ჩვენ, ჩვენს თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებით ვისაუბროთ. როდესაც გვექნება შესაბამისი შეტყობინება მიღებული სასამართლო და, რა თქმა უნდა, ჩვენც მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელით მიმართეს.  დაცვის საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ოჯახი არ საუბრობს. სავარაუდოდ, საქმე ეხება სააკაშვილის მიმართ 39-ე მუხლის გამოყენებას, რაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო დროებითი ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს.

დღის ამბები