26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და "ლიმბახის" ლაბორატორიის პასუხების შესახებ

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, "ლიმბახის" გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა". მისივე თქმით, ანალიზის პასუხები ექსპრეზიდენტის მოწამვლას გამორიცხავს.

როგორც რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული.

"მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან, მოსახლეობა აკვირდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული, ან მას ვინმე აწამებს, ან არღვევს მის რომელიმე უფლებას, რაც იმთავითვე ვთქვით, რომ აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ჩვენ მსჯავრდადებულს იმთავითვე გავუკეთეთ შეთავაზება, რომ გაეკეთებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა და ამის შემდგომ, მან ასევე უარი განაცხადა, რომ ნიმუშები გამოძიებისთვის მიეცა. შესაბამისად, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი არის მოწამლული, მის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რატომ არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით და შესაბამისი მკურნალობით. მე აქაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის სურათი საკმაოდ ნათელია. ეს კვლევა, ჯერ ერთი, ჩვენ არ ჩაგვიტარებია. იმ კვლევაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს იყო ჩვენი შეთავაზება და ამ შემთხვევაში საავადმყოფო ატარებს ჩვეულებრივ შემოწმებას, სისხლის ანალიზებს და ბუნებრივია, სისხლის ანალიზის დროს ხდება სხვადასხვა ტიპის შემოწმება. აქაც აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომელზეც მსჯავრდადებულის მხარე აპელირებდა, აბსოლუტურად ნორმაშია სისხლში და შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი ნორმაში იყო. შესაბამისად, მთელი ეს ისტორია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, როგორც დღეს "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, "ლიმბახის" ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც იკვლევდნენ, ნორმის ფარგლებშია.

დღის ამბები