26 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის კორექტირებულ პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა - რას ეხება ძირითადი ცვლილებები
დეოლიგარქიზაციის კორექტირებულ პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ძირითადი ცვლილება, პირის ოლიგარქად ცნობის პრეროგატივას ეხება. ეს ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა, რომელიც 12 პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა. ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირს, პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ კანონპროექტში შეტანილი ყველა ცვლილება დეტალურად განმარტა.
 
რამდენად დამოუკიდებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, რომელიც გასაჩივრების პროცესში ჩაერთვება? - ამ საკითხით ოპოზიციის მხოლოდ ორი დეპუტატი დაინტერესდა. ხელისუფლების სხვა ოპონენტები განხილვას არც დასწრებიან. 
 
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დეოლიგარქიზაციის მხოლოდ საკუთარი, ალტერნატიული კანონპროექტით იყვნენ დაინტერესებულები. უმრავლესობის პროექტის განხილვის დაწყებამდე, ლევან ბეჟაშვილი დეპუტატებს ოპოზიციის ინიციატივის უპირატესობაში არწმუნებდა, თუმცა მისმა არგუმენტებმა არ გაჭრა. 
 
უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩა ისიც, რატომ არ წარადგინა "ნაციონალური მოძრაობამ" მოსაზრებები სამუშაო ჯგუფში, დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებისას. 
 
იურიდიულმა კომიტეტმა ორივე კანონპროექტს უყარა კენჭი. ოპოზიციის ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. უმრავლესობის კორექტირებული პროექტს კი, რომელიც მეორე მოსმენაზე იყო დაბრუნებული, მხარი დაუჭირეს, თუმცა პლენარულ სხდომაზე გატანამდე შესწორებული კანონპროექტი შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.
დღის ამბები