26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილის გავლა ხვალიდან მოძრაობის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი
რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება ხვალიდან ისევ სპეციალური რეჟიმით აღდგება.
 
სატვირთო ავტომობილების კოლონას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა თითქმის ორ დღიანი ლოდინის შემდეგ მიეცათ. მძღოლებმა, რომლებსაც დღე-ღამის გატარება მანქანებში უწევდათ, გზის გაგრძელების ნებართვა უკვე მიიღეს. 
 
გადაადგილების ნებართვა ამ დროისთვის მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მისცეს. ხვალიდან კი, რიკოთის გავლით მოძრაობას მსუბუქი ავტომობილებიც შეძლებენ, თუმცა გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი წესდება. უღელტეხილზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ერთდროული გავლა იკრძალება. სატვირთოებისთვის გზა ღია მხოლოდ საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იქნება, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის დილის 7:00-დან საღამოს 19:00 საათამდე. 
 
ქვათაცვენისა და მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ, მსუბუქი ავტომობილები ამ დრომდე ალტერნატიული გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით გადაადგილდებიან. ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. 
უღელტეხილი მთიდან ჩამოსული მასისგან გაწმენდილია, გზის სავალი ნაწილი გაფართოებულია და ფერდზე წარმოქმნილი პატარა ლოკაციები ქვებისგან გასუფთავდა - რიკოთის გავლით ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად დაწყებულ სამუშაოებში დღეს მთამსვლელების სამი ჯგუფი ჩაერთო. პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. 
 
შექმნილი შეფერხების და მოახლოებული სააღდგომო დღესასწაულების გამო, საქართველოს რკინიგზამ და აეროპორტებმა შიდა რეისების რაოდენობაც გაზარდა.
დღის ამბები