26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, რომელშიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში  კეზერაშვილის მონაწილეობაზეა საუბარი, მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებენ

BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელშიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში დავით კეზერაშვილის მონაწილეობაზეა საუბარი, მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებენ.

ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიებით, კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს "მილტონის" კომპანიასთან კავშირებში, რომელიც ბრალდებულია ევროპელი პენსიონერების დანაზოგი ფინანსების მოტყუებით მითვისებაში. ნაცმოძრაობაში ფიქრობენ, რომ ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეპორტაჟი საქართველოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად მოამზადა.

თანაპარტიელებისგან რადიკალურად განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის პოზიცია. ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში კოლეგები დუმილის გამო გააკრიტიკა. მელიას აზრით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი განცხადებებს შერჩევითობის პრინციპით აკეთებს.

BBC-ის მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს დავით კეზერაშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მმართველ პარტიაში დღეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც გაიხსენეს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დევნილ მედიამფლობელად იყო მოხსენიებული. თქვეს, რომ ევროპელი პენსიონერების მძარცველის მიმართ მსგავსი შეფასებების გამოყენება, ევროპარლამენტარებს ახლა მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს.

სახელისუფლებო გუნდის მსგავსად, კეზერაშვილის საქმიანობის შეფასებაში არანაკლებ მკაცრი იყო დღეს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაწილმა, ყოფილ ძალოვანს მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული საქმეც შეახსენა. მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ BBC-ის გამოძიებამ ქართულ პოლიტიკაში დავით კეზერაშვილის პერსონის ნეგატიური როლი უფრო გაამძაფრა.

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო რეპორტაჟს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის აზრით, გავლენიან დასავლურ მედიაში გავრცელებული მასალები, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის სერიოზულ გზავნილად უნდა იქცეს. პაპუაშვილი ფიქრობს რომ ევროპის კონტინენტზე დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული ექს-მინისტრი საქართველოს სასჯელის მოსახდელად უნდა გადმოსცენ.

გახდება თუ არა საქართველოში ძებნილი დავით კეზერაშვილი სკოტლანდ იარდის სამიზნეც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. BBC ირწმუნება, რომ კეზერაშვილი უკრაინაში, საქართველოსა და ბრიტანეთში ფლობდა და ფლობს ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომლის მუშაობის პრინციპიც პენსიონერების დანაზოგების თაღლითური გზით ძარცვაა.

დღის ამბები