საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022-2028 წლების პროგნოზებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველი ადგილი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში. რას ეფუძნება სავალუტო ფონდის გათვლები? საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად თვლის, რისი მთავარი არგუმენტიც ეკონომიკის ორნიშნა ზრდაა.
შედეგები, რომელზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილე საუბრობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ეხება. ფინანსურმა ინსტიტუტმა 2022 წელს გადახედა და 2028 წლამდე მოლოდინებზე ანგარიში მოამზადა. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მაჩვენებლების მიხედვით საქართველო ლიდერ პოზიციებს იკავებს.
ქვეყანა 4 მიმართულებით, მსოფლიოში მეორე, ხოლო მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზეა. საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის მიხედვით. ამ მონაცემებით, საქართველო 193 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. საპროგნოზო წლებში ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 51 პროცენტით გაიზრდება.
საქართველოს მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებში ყოფნას პროგნოზირებს სავალუტო ფონდის კონკრეტული მონაცემები. დოკუმენტის მიხედვით, 7 წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დოლარში წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით, 12.4%-ით იზრდება, შესაბამისად, მომდევნო წლებშიც ამ საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ერთ სულზე 2030 წელს 14 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვითვე 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველ უნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 20 ათას 243 დოლარზე მეტია და კავკასიაში პირველ ადგილზეა. 2023 წელს 21,922 დოლარზე მეტი ხდება, 2028 წლისთვის კი 31,458 დოლარის პროგნოზი კეთდება.
სავალუტო ფონდის პროგნოზებს ეკონომისტები მნიშვნელოვანს უწოდებენ. ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია.
საქართველოს პოზიტიურ შედეგს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება სწორმა ხედვამ განაპირობა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ასეთ დოკუმენტებს სკეპტიკურად უყურებენ.
სავალუტო ფონდის პროგნოზით მსყიდველ უნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლი 2028 წლისთვის 46 პროცენტს მიაღწევს, ეს კი ფონდის მონაცემებით მაღალი იქნება ევროკავშირის კანდიდატ ჩრდილოეთ მაკედონიის 40.8 პროცენტსა და მოლდოვის 37.6 პროცენტზე.