26 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
50 დოლარად გაყიდული 100 დოლარიანები - დაკავებულია ოთხკაციანი დაჯგუფება, რომელიც ყალბ ამერიკულ ვალუტას ნახევარ ფასში ასაღებდა

ყალბი ფულით ვაჭრობის სქემა გაშიფრულია, დანაშაულებრივი დაჯგუფება კი დაკავებული - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 პირი მაღალი ხარისხის ყალბი ვალუტის გაყიდვის ფაქტზე აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრები ფალსიფიცირებულ კუპიურებს ნახევარ ფასში ყიდდნენ.

ყალბი ვალუტის შემომტანი, შუამავალი და რეალიზატორი - საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულებს როლები ჰქონდათ განაწილებული. უსაფრთხოების სამსახურმა ჯამში, 6.100 დოლარის ყალბი ვალუტა ამოიღო, რომელიც ბრალდებულებმა 3.050 დოლარად გაყიდეს.

ნიკოლოზ გვარამია, ზვიად საგინაშვილი, ბერიკა ბახტურიძე, ლევან ბაღაკაშვილი - დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხივე წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები გირაოს ითხოვდნენ. მათი ნაწილი დუმილის უფლებას ირჩევს, დანარჩენები ბრალს არ აღიარებენ. საქმის მასალებით იკვეთება, რომ კრიმინალური სქემის სათავეში ზვიად საგინაშვილი იდგა. სწორედ ის იყო შუამავალი ყალბი ფულის შემომტანსა და რეალიზატორებს შორის. ბრალდებული დუმილის უფლებას ირჩევს. არაფერი უთქვამს სასამართლო დარბაზშიც.

"კურიერმა" საგინაშვილის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ბრალდებული დანაშაულს დეტალურად აღწერს. ბრალდებულები საკონტროლო შესყიდვის დროს აიყვანეს. ყალბი თანხის მოძიებაში მხილებული ბაღაკაშვილი ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატი ერთადერთია, ვინც დღეს მედიას ესაუბრა.

საქმის მასალებში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალები დევს. სად იბეჭდებოდა ყალბი 100-დოლარიანები - ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება. ყალბი ვალუტის ჯგუფურად შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. დაკავებულებს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები