26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
BBC-ის გამოძიება: ქსელი, რომელიც ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს - საერთაშორისო თაღლითურ სქემაში მთავარი ფიგურანტი დავით კეზერაშვილია

მილიარდიანი თაღლითური სქემა, რომლის შემქმნელები თქვენს დანაზოგს იპარავენ - საგამოძიებო რეპორტაჟი BBC-მ დღეს გამოაქვეყნა. ყველაზე სანდო რეპუტაციის ბრიტანული გამოცემა დეტალურად აღწერს, თუ რა სქემით მოქმედებდა წლების განმავლობაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის ჩრდილოვან მმართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სახელდება.

ქოლცენტრების სახელით ცნობილი საერთაშორისო თაღლითური ჯგუფი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად პენსიონერებს, დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სძალავდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქოლცენტრის თანამშრომლები მთელი ევროპის მასშტაბით უკავშირდებოდნენ სამიზნე ობიექტებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და არარსებულ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე ინვესტიციების ჩადებას სთავაზობდნენ. არწმუნებდნენ, რომ ინვესტირებით ისინი დიდ მოგებას ნახავდნენ. რეალურად, თანხები ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, შემდეგ კი შავი ფული სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით თეთრდებოდა.

BBC-ის რეპორტაჟის მთავარი გმირი, დავით კეზერაშვილი, დანაშაულის ცენტრში კი მის სახელთან ასოცირებული კომპანია Milton group-ია. ჟურნალისტურ გამოძიებაში გვხდება კეზერაშვილთან კავშირში მყოფი სხვა ქართული გვარებიც - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. მაგალითად, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ში შემავალი კომპანიები იყვნენ. ასევე, მის ფირმას უკავშირდება თაღლითური სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიური აღჭურვა.

BBC-ის რეპორტაჟში ვკითხულობთ იმასაც, რომ კეზერაშვილის საკუთრებაშია კიევის საოფისე შენობა, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლცენტრი, ასევე ტექნიკური კომპანიები, რომლებიც ეწეოდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას თაღლითური სქემისთვის. BBC არ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომელმაც ქოლცენტრების სქემა გაშიფრა.

უფრო ადრე, კეზერაშვილთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური კომპანიის საეჭვო საქმიანობით შვედური და სხვა საერთაშორისო პრესაც დაინტერესდა. BBC-ის გამოძიებაში ჟურნალისტებმა ლონდონში - ჩელსიში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის 18 მილიონ ფუნტად შეფასებული ვილაც აღმოაჩინეს. რეპორტაჟის ავტორი მისამართზე მივიდა და შეეცადა უშუალოდ დავით კეზერაშვილის პოზიცია მოესმინა, თუმცა დაცვის სამსახურმა მედია ტერიტორიაზე არ დაუშვა. მოგვიანებით, BBC-ის საგამოძიებო ჯგუფს დავით კეზერაშვილმა იურისტების მეშვეობით შემოუთვალა, რომ არანაირი საერთო არ აქვს Milton Group-თან და ტრანსნაციონალურ თაღლითობასთან. ანალოგიური გაიმეორა დავით კეზერაშვილმა უკვე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ქოლცენტრების საქმესთან და ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან ითანამშრომლოს.

ქოლცენტრების თემაზე დავით კეზერაშვილი საკუთარი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუშიც საუბრობდა და იქაც ამბობდა, რომ მას საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან შეხება არ აქვს ბრალდებებს უარყოფენ კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვა პირებიც, თუმცა საერთაშორისო მედიაში მოიპოვება თაღლითურ სქემასთან მათი კავშირის ამსახველი მტკიცებულებები, მათ შორის ფოტო, სადაც კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრი დავით თოდუაა ასახული. ფოტო Milton Group-ის კორპორაციულ წვეულებაზეა გადაღებული, სადაც ქოლცენტრის თანამშრომლები 50 მილიონიან მოგებას აღნიშნავენ, დავით თოდუას კი "კომპანიის მამად" მოიხსენიებენ.

თბილისში, Milton Group-თან დაკავშირებულ ქოლცენტრების ოფისში ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა რეიდი გასული წლის ნოემბერში ჩაატარეს. საპოლიციო ღონისძიებას ესწრებოდა BBC-ის ჟურნალისტთა ჯგუფიც. მათ ქოლცენტრებში, კომპიუტერების ეკრანებზე პოტენციური მსხვერპლების ბაზაც აღმოაჩინეს, მათ შორის, აღნიშვნები იმის შესახებ, ვის რამდენი აქვს დანაზოგი და ვისგან რა თანხის ამოღებაა შესაძლებელი.

ჯერ უცნობია, რა რეაგირება მოჰყვება BBC-ის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას. საერთაშორისო პრესა მტკიცებულებების მოპოვებას განაგრძობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები