ჰააგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ინციდენტი ნექსუსის ინსტიტუტის დარბაზში მოხდა, სადაც მაკრონი სიტყვით გამოდიოდა.
როგორც „ფრანს 24“ წერს, საფრანგეთის ლიდერის სცენაზე გამოჩენას დარბაზიდან უკმაყოფილო ადამიანების შეძახილები მოჰყვა. „სად არის დემოკრატია საფრანგეთში? როდის დავკარგეთ?!“ – სკანდირებდა ერთ-ერთი მამაკაცი. ასევე ისმოდა საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული შეძახილები. ერთ-ერთ აქტივისტ ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით – „მაკრონი – ძალადობისა და თვალთმაქცობის პრეზიდენტი“.
საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი ვინც არ სცემენ პატივს საარჩევნო პროცესს და არჩეულ ლიდერებს, საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას.
მოგვიანებით პოლიციამ აქტივისტები დარბაზიდან გაიყვანა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, საფრანგეთში მიმდინარე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუმცა ის კონფერენცია, რომელსაც ნიდერლანდებში ესწრება არ არის ამ საკითხზე სასაუბრო ადგილი. მაკრონის თქმით, საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელია, რათა ქვეყნის ბიუჯეტში დეფიციტი შემცირდეს. მისივე თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებში საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე საფრანგეთში.
საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის 62-და 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.