26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
სააკაშვილის მმართველობის დროინდელ რეიტინგებთან შედარებით, შევარდნაძის დროინდელი სასამართლოს რეიტინგიც კი უფრო მაღალი იყო-ბექა ოდიშარია

2012-2022 წლებში საქართველოს მუდმივად აქვს დადებითი შეფასება, განსხვავებით 2004-2012 წლებისგან, როცა მუდმივად ნოლს ქვევით იყო, წარმოგიდგენიათ, რაზე ვლაპარაკობთ? ასეთი დიამეტრალური განსხვავებაა ორი ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლოს დამოუკიდებელობის შეფასებისას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ 1998-2004 წლებში, შევარდნაძის დროს, სასამართლოს უფრო დადებითი შეფასება ჰქონდა, ვიდრე 2004-2012 წლებში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ოდიშარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება, ხელისუფლებისთვის მოულოდნელი იყო და მოუწოდა პარტნიორებს, არ დაეყრდნონ მხოლოდ „ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

"საოცარი გარემოებაა, რომ 1998-2004 წლებში, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, როდესაც მოსამართლეებს ხელფასი არ ჰქონდათ, იყო ტოტალური კორუფცია, მაშინაც კი, დადებითი ჰქონდა შეფასება - რა თქმა უნდა, ამჟამინდელს ვერ შეედრება, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროინდელ რეიტინგებთან მიმართებაში, ისიც კი უფრო მაღალი გახლდათ.
რა თქმა უნდა, არ ველოდით [მოსამართლეების დასანქცირებას]. სხვათა შორის, მთვრობასთან და პარლამენტთან ერთად, ამაში ხალხიც სოლიდარულია. ჩვენს პარტნიორებს მინდა მოვუწოდო, ნუ წარმოუდგენიათ, რომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის და იქ დაქირავებული ადამიანები, ესენი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ ამ აუგ საქმეში, ერის ღალატში ფულს იღებენ, პრაქტიკულად. მათ ფული გამოეყოფათ, რომ ეს ქვეყანა ააშენონ და ისინი ქვეყანას ღალატობენ, მახვილებს ლესავენ და ზურგში არჭობენ, რათა გაიხანგრძლივონ პროექტები - არ ვიცი, ამით თავის საჭიროებას თუ ამტკიცებენ. დონორებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად კეთილშობილურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციების მშენებლობის ხელშეწყობას, სინამდვილეში, ველზე ჰყავთ მავნებლები," - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა სოციოლოგიურ გამოკითხვებზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დონორების დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების საველე სამუშაოებს, ე.წ. გავლენიანი არასამთავრობოები ატარებენ, რომლებიც განზრახ იტყუებიან. ოდიშარიას თქმით, პიროვნებების, ინსტიტუციების დემონიზება და კლიშეების მიწებება ერთი ხერხით ხდება.

"მინდა გავიხსენო სოციოლოგიური გამოკითხვები, როდესაც ვიღაცას დაარქმევენ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას - გავლენიანი კი არა, გაქსუებული უნდა დაარქვა, ფულიანი და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია. მერე, გახსოვთ თქვენ, აბოსლუტურად ურეიტინგო ფიგურებს მეორე-მესამე ადგილებზე გაიყვანდნენ, პირი ჰქონდა ღია ხალხს. ველზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ან შეთანხმებით მათთან, რისი დაჯერებაც ძალიან მიჭირს, რომ დონორთან შეთანხმებით ხდებოდეს ეს, ან თავისი პარაზიტული ცხოვრების და დღის წესრიგის გახანგრძლივებისთვის განზრახ იტყუებიან, ადემონიზირებენ პიროვნებებს, მოსამართლეებს, ინსტიტუციებს. ეს კლიშეების მიწებება, ყველაფერი ერთი ხერხით ხორციელდება: იტყვიან „რუსული“ და იმის უკან არ უნდა წაიკითხოს ახალგაზრდამ არაფერი. წაკითხვასაც უკრძალავენ და დაბრენდავენ," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები