26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაიკეტა - რას აცხადებენ სავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგება თუ არა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე აღდღგომის დღესასწაულის დღეებში

რიკოთის უღელტეხილი ჩაიკეტა - მოძრაობის აკრძალვის შესახებ მგზავრებმა ინფორმაცია დღის 12 საათზე მიიღეს. მოქალაქეები ამ დროისთვის საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით, ალტერნატიული გზით სარგებლობენ. რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ქვათაცვენა გახდა. გზებზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს მეწყრული პროცესის შედეგად გზაზე ჩამოშლილი ლოდები. ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც მეწყრული პროცესის განვითარებაა ასახული. საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში კი სხვა რაკურსით გადაღებული ჩამოშლილი ფერდი ჩანს.

მგზავრები ამბობენ, რომ შემოვლით გზაზე ჯერჯერობით თავისუფლად გადაადგილდებიან. მათივე განცხადებით, მეწყრული პროცესების გამო მანძილი გაიზარდა, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ რომ ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად ჩამოსულია მიწის მასა. მათივე ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, რჩებიან ადგილზე და ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფენ საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმების მიხედვით.

დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება მარტის ბოლოსაც შეიზღუდა. გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი რამდენიმე დღის წინ მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. დღეს განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, როდის გახდება რიკოთის გავლით გადაადგილება შესაძლებელი, ზუსტი დრო უცნობია.

დღის ამბები