ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ზომიერი ცხელებითა და კანსა და ლორწოვან გარსებზე წვრილი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი. დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით.
"რუსთავი2-ის" გადაცემა "შუადღეში" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ვირუსის პრევენცია და არის თუ არა ჩუტყვავილას შემთხვევების მატება საგანგაშო.
"ორივე დაავადება, რაც აღვნიშნეთ, ყოველთვის გვხვდებოდა - ეს არის ინფექციები, რომლებიც ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და ყოველ წელს ფიქსირდება შემთხვევები. ამიტომ, წელსაც ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. წინა ორმა წელიწადმა, პანდემიის პერიოდმა გარკვეული გავლენა მოახდინა სხვა ინფექციებზე. შესაბამისად, ეს დაავადებები იმ ბუნებრივი ფორმით ვერ ვრცელდებოდა. შესაბამისად ადამიანებს, როგორც წინა წლებში, იმ რაოდენობით ვერ გადაჰქონდათ ეს დაავადება. შესაბამისად არ ითვლებოდა იმუნური ფენა. ამიტომ, გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა, რომ წელს ჩვენ გვაქვს შედარებით ბევრი შემთხვევები, სხვა ინფექციური დაავადებებისა. წინა ორი თვის განმავლობაში ეს იყო გრიპიც და ასევე ეს ეხება ქუნთრუშასაც და ჩუტყვავილასაც,"-აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
კითხვაზე, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჩუტყვავილას და ე.წ. ქუნთრუშას- ექიმი პასუხობს, რომ ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დაზიანება და ფილტვების ანთება.
ამასთან, გოგინავა ამბობს იმასაც, რომ ექიმმა უნდა შეაფასოს დაავადების მიმდინარეობა, ჩუტყვავილას სამკურნალოდ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა. ანუ, არსებობს ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის გამოყენება, გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია.
"ჩუტყვავილა არის ვირუსი და ის ჰერპესების ჯგუფს მიეკუთვნება. მას ახასიათებს, როგორც წესი მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში გვაქვს გართულებები. ძირითადად ეს დაავადება გადაგვაქვს ბავშვთა ასაკში, მაგრამ შეიძლება მოზრდილსაც დაემართოს. გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი. ანუ, ერთხელ თუ გადავიტანეთ ჩუტყვავილა მისი ხელმეორედ გადატანის რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღწერილი. მოზრდილ ასაკში უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს, როგორც წესი.
მისი ძირითად სიმპტომი არის გამონაყარი- თავიდან შეიძლება დაიწყოს ტემპერატურული რეაქციით, შემდეგ 24 საათში ვითარდება კვანძოვანი ელემენტები და შემდეგ ვეზიკულები, ანუ ბუშტუკები, რომელიც სავსეა სითხით. ეს გამონაყარი შეიძლება იყოს უხვი, პაციენტი უჩიოდეს ქავილს და შემდეგ უკვე, მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს თუ ეს გამოყრა ისევ ინტენსიურად გრძელდება, შესაძლოა მოგვცეს გარკვეული გართულებები: ეს გართულებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანება, შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანება, განვითარდეს მენინგიტი ან ენცეფალიტი. შეიძლება იყოს, სასუნთქი სისტემის დაზიანება და ფილტვების ანთება. გამომდინარე აქედან, როდესაც ეს ვირუსული ინფექცია დაემართება ბავშვს, ან მოზრდილს, სჯობს, რომ აუცილებლად კონტაქტი გვქონდეს ექიმთან. იმიტომ, რომ ექიმმა უნდა შეაფასოს დაავადების მიმდინარეობა, ჩუტყვავილას სამკურნალოდ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა. ანუ, არსებობს ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის გამოყენება, გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია,"-განაცხადა გოგინავამ.
პარალელურად, ალექსანდრე გოგინავა საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ვირუსული ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე უარს აცხადებენ, მიზეზად კი ჩუტყვავილას "გაბრაზებას" ასახელებენ.
ექიმი, საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მითს უწოდებს და პირიქით, აცხადებს, რომ ჰიგიენური ნორმების დაუცველობამ შესაძლოა მეორად ინფექციამდე მიიყვანოს ადამიანი.
"აუცილებელია, რომ ამ დროს დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. თუ ჩვენ გამონაყარი გვაქვს და პლუს ამას არ ვიბანავებთ და არ დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, რისკები, რომ მეორადი ბაქტერიული ინფექციით გაგვირთულდეს უფრო მაღალია. ამიტომ, ბანაობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არ უნდა დავაზიანოთ ეს ელემენტები და უნდა ვეცადოთ, რომ მეორადად არ მოხდეს ამ ელემენტების დაზიანება. უნდა მივუდგეთ, როგორც ინფექციურ დაავადებას და თუ გვაქვს მძიმე მიმდინარეობა აუცილებლად ჩავრთოთ სპეციალისტი, რათა ჩვენი მდგომარეობა სწორედ იყოს შეფასებული. ასევე ეს არის საკმაოდ ადვილად გადამდები ინფექცია და გამომდინარე აქედან თუ გვაქვს ჩუტყვავილა უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. განსაკუთრებით ეს ბავშვთა ასაკშია მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ერთ ბავშვს შეუძლია ათეულობით ბავშვი დააინფიციროს,"-ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დაავადება მიეკუთვნება ვირუსები ჯგუფს არსებობს, კითხვაზე არსებობს თუ არა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა- ექიმი პასუხობს, რომ ვაქცინა არსებობს, მაგრამ არა საქართველოში.
"არსებობს ჩუტყვავილას ვაქცინა, თუმცა ბევრ ქვეყანაში ეს ვაქცინა გამოიყენება და ნაწილ ქვეყნებში არ გამოიყენება. ამ ეტაპზე ეს ვაქცინა საქართველოში არ არის,"-განაცხადა გოგინავამ.
რაც შეეხება ბაქტერიულ ინფექციას, ქუნთრუშას. ექიმის განცხადებით, ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას იწვევს არა ვირუსი, არამედ ბაქტერია. მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი - ანტიბიოტიკი. ქუნთრუშა გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით.
"ქუნთრუშა განსხვავებით ჩუტყვავილასგან, წითელასგან და წითურასგან, არის ბაქტერიული ინფექცია. რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკი. მას ახასიათებს სხვაგვარი გამონაყარი. თუ ჩუტყვავილას ახასიათებდა ბუშტუკოვანი გამონაყარი. ქუნთრუშას ახასიათებს წითელ ფონზე წვრილი წინწკლოვანი გამონაყარი. როდესაც ქუნთრუშაზე არის ეჭვი, აუცილებელია, რომ პირველივე დღეებში მოხდეს ანტიბიოტიკო თერაპიის დაწყება. ქუნთრუშა კიდევ უფრო საყურადღებოა იმ მხრივ, რომ თუ ჩუტყვავილას დროს ვასხვავებთ მსუბუქ და მძიმე მდინარეობას- ქუნთრუშა ასე არ არის. ქუნთრუშა თუ არის კლინიკურად გამოვლენილი, აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მხრიდან შეფასება და დროულად ანტიბიოტიკო თერაპიის დაწყება,"-აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
შეჯამების სახით კი უნდა ითქვას, რომ პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა აუცილებელია სპეციალისტის შეფასება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში დროულად ექიმთან ვიზიტი.
"ეს დაავადებები, როგორც წესი მსუბუქად მიმდინარე დაავადებებია. მაგრამ რისკები მაინც არსებობს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მას, როგორც ინფექციას ისე მივუდგეთ და აუცილებლად ჩავატაროთ ექიმის კონსულტაცია და შევაფასებინო სპეციალისტ მდგომარეობა,"-განაცხადა გოგინავამ.