როგორ უნდა მოვიქცეთ ვნების კვირაში - ამ თემაზე რუსთავი 2-ის "შუა დღის" ეთერში, მღვდელმსახური მამა ლევან მათეშვილი საუბრობს.
როგორც სასულიერო პირი განმარტავს, ვნების კვირაში მნიშვნელოვანია ადამიანებმა მეტი იფიქრონ საკუთარ ცხოვრებაზე, ქმედებებზე, დამოკიდებულებებზე, ღირებულებებზე, არჩევანსა და პრიორიტეტებზე.
ამასთან, როგორც მამა ლევანი ამბობს, "ვნების კვირაში არ არის მთავარი კვერცხის შეღებვა და პასკის გამოცხობა. მთავარია რაზე ვიფიქრებთ და როგორ მოვიქცევით"
"ვნების კვირაში ვიმყოფებით და მთავარი კითხვაზე - რას უნდა ვაკეთებდეთ ან როგორ უნდა მოვემზადოთ, მარტივი პასუხი არსებობს - შევეცადოთ დავადგინოთ ვისი მეგობრები ვართ. მაგალითად, ბოროტება, ამპარტავნება, ქედმაღლობა და ადამიანების გაუთვალისწინებლობა - ეს ყველა თვისება ბოროტის მეგობრობას ნიშნავს, ხოლო სიკეთე, თავმდაბლობა, სიყვარული, სხვისი გათვალისწინება - ღვთის მეგობრად გვხდის. კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ამ ორი კატეგორიიდან - რომლის მეგობარი ვართ?! ვნების კვირა არის გაანალიზების, დაფიქრების კვირა და დაფიქრება იმაზე, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ ჩვენთვის. ისევე, როგორც ჩვენ სხეული სჭირდება სისტემატური კვება და ფორმაში ყოფნა, ანალოგიურად ჩვენ პიროვნული და სულიერი ზრდისთვის გვჭირდება ფორმაში ყოფნა, მუდმივი ფიქრი დღის ბოლოს ვისი მეგობარი ვიყავი?! მთავარია ადამიანებმა გააცნობიერონ, ისე არ მოხდეს მათ ცხოვრებაში, რომ ვერ გაიცნონ ან ვერ იცნონ იესო ქრისტე. ის ისტორიას, რომელსაც ამ კვირაში იხსენებს ეკლესია, არის სწორედ ტრაგედია ადამიანების, რომლებმაც ვერ იცნეს იესო ქრისტე. ამ დროს ეს ხალხი თავისი არსით, თავისი მოღვაწეობით, ყველაზე რელიგიური ხალხი იყო. მათ მიზეზები ჰქონდათ ამისა და დღესაც ანალოგიური საშიშროება გვაქვს ჩვენ ყველას, ჩვენც არ გავხდეთ იუდას მსგავსი ქმედების ჩამდენი, იქნებ ჩვენც იუდას მდგომარეობაში ვართ?! იესო გვეუბნება ერთ რაღაცას - ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჭირდება დახმარება, თუ დაეხმარები - მე დამეხმარები. თითოეულ ადამიანში არის ქრისტე და თუ ჩვენ მისი მსახურება გვერდზე გადავდეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, სლენგს გამოვიყენებ, ჩვენ "ვმაზავთ" ქრისტეს, გვერდზე გვრჩება ქრისტე.
ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, თუმცა ასეთები ვუყვარვართ ქრისტეს და სწორედ ასეთი ადამიანების გამო მოვიდა ქრისტე და ამგვარი ადამიანების გადარჩენა უნდა. "მე მოვედი არა მართალთა მოსახმობად, არამედ ცოდვილთა სინანულად" - იძახის იესო ქრისტე. ჩვენთვის მოვიდა და ჩვენი პასუხი ერთია - რამდენად მზად ვართ გავიცნოთ ჩვენთვის მოსული, განკაცებული ღმერთი. უნდა დაინახო რაღაცეები და ამისთვის არ არის საჭირო ცა გაიხსნას და ღრუბლებზე რაღაცეები გამოჩნდეს," - ისაუბრა მამა ლევანმა.